ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს, მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც გვარამიამ “ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა, სამუშაო ჯგუფი იურისტებთან ერთად განიხილავს კადრების გასაჯაროების პასუხისმგებლობას და გავრცელდება თუ არა კადრები დღეს გახდება ცნობილი:
„მე არ ვიცი რაში დასჭირდა პროკურატურას ამ ბრიფინგის გამართვა, ერთადერთი პირველ ნაწილზე შემიძლია გიპასუხოთ, ვინ წერს, როგორ წერს, რა პორტატული აპარატები, ეს ჩვენ საერთოდ არ გვაღელვებს, საზოგადოებრივ ინტერესს სწორედ მაგიტომ გავუსვით ხაზი, რომ ეს ქვეყანაში ხდება და სახელმწიფო აკეთებს ამას, თუ რაიმე ალტერნატიული ძალა უნდა, გამოიძიოს გამოძიებამ და ამ პირების პასუხისმგებლობა დააყენოს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას გავრცელებაზე, ამაზე ვმსჯელობთ ჩვენს იურისტებთან ერთად და მივიღებთ გადაწყვეტილებას და ნახავთ გადაცემაში, ეს ან მოხდება ან ვერ მოხდება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„ნიუპოსტის“ კითხვაზე ელის თუ არა ნიკა გვარამია ხვალ მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადების შემთხვევაში დაპატიმრებას, მან აღნიშნა, რომ ყველაფრის მოლოდინი აქვს:
„რატომ არ ველი, ერთხელ რომ მივედი დამაპატიმრეს და ხვალ განსაკუთრებული დღე არ შეიძლება რომ იყოს, ასე, რომ ველი ყველაფერს“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ნიკა გვარამიამ.
როგორც დაანონსებულია, დღეს, 22:00 საათზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ეკა კვესიტაძის გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“, საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებულ ფაილებს, სადაც პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ფიგურირებენ. გადაცემაში საუბარი იქნება „ყველაფერზე მოსმენების შესახებ“.
მასალის გამოყენების პირობები






