ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობა ჩამონგრეული ტაძრის მშენებლობის დასრულებას მოითხოვს.
ადგილობრივები ტაძრის მშენებლობის კანონიერების საკითხის ეჭვქვეშ დაყენებასაც აპროტესტებენ და მოითხოვენ მშენებლობის ხელმძღვანელი სასულიერო პირის მარკოზ ბექაიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.
აღნიშნული მოთხოვნებით ადგილობრივებმა დღეს აქციაც გამართეს.
მათი თქმით, ეკლესიის მშენებლობა სოფლის მოსახლეობამ მოითხოვა და, შესაბამისად, უბედური შემთხვევის გამო, პასუხისმგებლობაც მთელ სოფელს ეკისრება. ადგილობრივები განმარტავენ, რომ მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმირებული იყო სახელმწიფო უწყებებიც და მათთვის მიუღებელია განცხადება მშენებლობის არაკანონიერების შესახებ.
მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ ეკლესია აღარ აშენდება და მამა მარკოზის პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება, ისინი ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.
ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ტაძარი 7 მაისს ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები






