2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომლითაც განმტკიცდა ყველა პირის კანონის წინაშე თანასწორობა და აიკრძალა მათი უფლებრივი შეზღუდვა და განსხვავებული მოპყრობა კუთვნილების, მდგომარეობის, წარმოშობის, შეხედულებებისა თუ სხვა ნიშნის მიხედვით.
კანონის მიღებასთან დაკავშირებით, მწვავე დისკუსიის ერთ–ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა დებულება, რომლის თანახმადაც განსხვავებული (დისკრიმინაციული) მოპყრობა, როგორც გამონაკლისი, დასაშვებია, თუ იგი ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, რა დროსაც გამოყენებული საშუალებები თანაზომიერი უნდა იყოს ასეთი მიზნების მისაღწევად.
აღნიშნული ,,საგამონაკლისო უფლება“ არ წარმოადგენს ქართველი კანონმდებლების აღმოჩენას და გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკიდან. კონვენციით გათვალისწინებული რიგი უფლებებისა შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას, თუ ასეთი შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან ზნეობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისათვის.
საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოებმა ამ სიკეთეების დაცვის მიზნით ადამიანის უფლებების შეზღუდვისას უნდა იხელმძღვანელონ შეფასების ზღვარის (margin of appreciation) პრინციპით, რაც გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამგვარი მოქმედების უკიდურესი აუცილებლობის არსებობას, როდესაც სხვა საშუალებებით შეუძლებელია კანონიერი ინტერესების დაცვა – მაგალითად, ადამიანებს უფლება აქვთ შეიკრიბონ მშვიდობიანად და კონკრეტულ საკითხზე გამოთქვან აზრი, გამოხატონ პროტესტი, მაგრამ თუ შეკრება უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, შეკრების მონაწილეთა ქმედებები იძენს აშკარად დანაშაულებრივ ხასიათს და სხვა პირებს უქმნის საფრთხეს, სახელმწიფო ზღუდავს ამ უფლებას და პოლიციის მეშვეობით დაშლის ამგვარ შეკრებას.
უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა შეფასების ზღვარის უნიფიცირებულ და ზუსტ სტანდარტს არ ადგენს და თითოეულ საქმეზე უფლებრივი შეზღუდვის დასაშვებობას აფასებს თვით ამ უფლების შინაარსის, შეზღუდვის მეშვეობით დასაცავი კანონიერი ინტერესისა და შეზღუდვის ხასიათის (პროპორციულობა) მიხედვით. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შესაძლებელია კანონიერად ცნოს სახელმწიფოს მიერ შეკრების უფლების შეზღუდვა პოლიციური ღონისძიების მეშვეობით, ვინაიდან სხვაგვარად ვერ იქნებოდა დაცული საზოგადოებრივი წესრიგი. სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს ანალოგიური მოქმედება ისეთი უფლების შეზღუდვისას, როგორიცაა რელიგიის ან რწმენის გაცხადების თავისუფლება, შეიძლება ჩაითვალოს უკანონოდ, ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა შესაძლებელი იყო სხვა, უფრო მსუბუქი ხასიათის მოქმედებებითაც.
უფლებრივი შეზღუდვისა და ისეთი კანონიერი ინტერესების, როგორებიცაა საზოგადოებრივი უსაფრთხოება, წესრიგი, დანაშაულის პრევენცია, ჯანმრთელობა, სხვათა უფლებები და თავისუფლებები, პროპორციულობის დადგენის კრიტერიუმების თანმიმდევრულ ჩამოყალიბებას, ხელს უწყობს ევროპული კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და პრაქტიკის მსგავსება (ევროპული კონსენსუსი), რაც თავის მხრივ საშუალებას აძლევს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თითოეულ გასაჩივრებულ საქმეზე შეაფასოს უფლებრივი შეზღუდვის აუცილებლობა და თანაზომიერება.
იურიდიულ ლიტერატურაში მკაცრი კრიტიკის საგანს წარმოადგენს ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვის ისეთი საფუძველი, როგორიცაა საზოგადოებრივი ზნეობა.
კრიტიკის საფუძველს ზოგიერთი ავტორის განმარტებით (I. Radacic, The margin of appreciation, consensus, morality and the rights of the vulnerable groups, 2010) წარმოადგენს საზოგადოებრივი ზნეობის, როგორც, მკაფიოდ დადგენილი კანონით დაცული ფასეულობის – ევროპული კონსენსუსის არარსებობა, რის გამოც, უმეტეს შემთხვევებში ევროპული სასამართლო იზიარებს მოპასუხე სახელმწიფოს პოზიციას, რომლის თანახმადაც მის მიერ განხორციელებული უფლებრივი შეზღუდვა (საქმეების უმრავლესობა დაკავშირებულია უმცირესობების მიერ აზრისა და სიტყვის თავისუფლებების რეალიზაციასთან – Muller and Others v Switzerland, Otto-Preminger-Institut v Austria, Wingrove v UK, Laskey, Jaggard and Brown v UK) აუცილებელი იყო საზოგადოებრივი ზნეობის დასაცავად.
იურისტთა ნაწილის აზრით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებები სამართლებრივად დაუსაბუთებელია, ვინაიდან იზიარებს საზოგადოებრივი ზნეობის სასარგებლოდ უფლებრივ შეზღუდვას მხოლოდ იმიტომ, რომ ,,ცალკეული ადამიანების მიერ თვითგამოხატვის კონკრეტული ფორმები სხვებს არ მოსწონდათ და საერთოდ არ ირღვეოდა ამ სხვათა უფლებები“ (C Nowlin, ,,The Protection of Morals under the European Convention for the Protection of Human Rights and Fundamental Freedoms, 2002).
ამრიგად, საზოგადოებრივი ზნეობის სტანდარტების არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხსენებული გადაწყვეტილებებით აყალიბებს ე.წ. ,,უმრავლესობის ზნეობის’’ ცნებას ( ,,dominant concept of morality enforced by the majority against the minority” – I. Radacic), რაც ცალსახად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის ზოგად სტანდარტებს – მისაღები ხდება უმცირესობათა უფლებების დარღვევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიული მეცნიერება (C Nowlin) გვთავაზობს საზოგადოებრივი ზნეობის განმარტებას არა კონკრეტული სახელმწიფოების პოზიციების, არამედ ევროპული კონვენციის ღირებულებების (დამოუკიდებლობა, თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა) შესაბამისად – პირის უფლებით სარგებლობის შეზღუდვა დაუშვებელია საზოგადოებრივი ზნეობის სახელით, თუკი არ ირღვევა სხვათა უფლებები. საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის კანონიერი ინტერესი გულისხმობს სხვა პირთა დაცვას მორალური ზიანისაგან და არა საზოგადოებაში გაბატონებული შეხედულებების შესაბამისად მოქმედებას.
საზოაგადოებრივი ზნეობის ცნებასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით, რომელსაც, როგორც ვხედავთ აწყდება თვით ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საქართველოს პარლამენტის მიერ 2 მაისს მიღებულ კანონში ზნეობის დაცვა, როგორც დისკრიმინაციული მოპყრობის გამამართლებელი გარემოება, შეიცვალოს ადამიანის უფლებების დაცვის კანონიერი მიზნით, რომელიც ჩვენს მიერ წარმოდგენილი ანალიზის შესაბამისად ასევე მოიცავს სხვა პირთა დაცვას მორალური ზიანისაგან და შეურაცხყოფისაგან.
ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი“
მასალის გამოყენების პირობები






