ვეტერანებისთვის გამართულ საღამოზე, რომელიც საუკუნის ადამიანთა ასოციაციამ „სავანემ“ „მოსწავლე ახალგაზრდობის“ სასახლეში“ გამართა, ვეტერანებთან ერთად ქართველმა მომღერლებმა მოიყარეს თავი.

თემურ წიკლაურმა, ვახტანგ ტატიშვილმა, ირმა სოხაძემ, ეკა მამალაძემ და ენრიკო ჯანელიძემ დარბაზში შეკრებილებს ძალიან ლამაზი საღამო აჩუქეს. დარბაზში ასევე გახლდათ ქართველი ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე, რომელიც საღამოს ორგანიზატორმა ხაჩატურ ვართანიანცმა სცენაზე იხმო და მოხუცების თანადგომისთვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ნანი ბრეგვაძემ მოიბოდიშა, „ხმაზე არ ვარ, ვერ ვიმღერებო“, მაგრამ მსმენელს არაფრის გაგება არ სურდა, „მხოლოდ ერთი სიმღერა“ - სთხოვდნენ მომღერალს, ბოლოს კი ტაშით და შეძახილებით ისე გააბრუეს, რომ ნანი ბრეგვაძემ ერთის ნაცვლად რამდენიმე სიმღერა ბრწყინვალედ შეასრულა. ნანი ბრეგვაძის გამოსვლით მიღებული სიამოვნება ომარ მხეიძის ცეკვამ დააგვირგვინა. „მე ამ სცენაზე ავიდგი ფეხი და მერე სუხიშვილებთან ერთად 48 ქვეყანა მოვიარე, ამიტომ ამ წამს გული ისე მიცემს რომ ამოვარდნაზე მაქვს“ - განაცხადა ომარ მხეიძემ.



მასალის გამოყენების პირობები






