ე.წ. მუხროვანის ამბოხის ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის ძებნის სპეცოპერაციის დანაშაულებრივი გარემოებების შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. პროკურატურის მიერ გავრცელებული იფნორმაციის თანახმად, წამების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, შ.ს. სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე დააკავა.
კობა ოთანაძის ოჯახის ახლობლები ე.წ. მოდულის შენობაში მათი დაკითხვის დეტალებს იხსენებენ.
„ერთი თვის ორსული ვიყავი, ისე მცემეს, მუცელი მომეშალა. ცხვირი გამიტეხეს. ჩემს ერთი წლის ძმისშვილს შემოიყვანდნენ, ფეხებით დაკიდებდნენ და ატირებდნენ, მაგინებდნენ. ეს ყველაფერი მოდულის შენობაში ხდებოდა. ლევან ტაბიძის გარდა, იქ 25 სპეცნაზელი იყო. ვეღარ ვუძლებდი, პატარა მარიამის ჩხავილს.
ამდენი წლის შემდეგ პირველად ვნახე ლევან ტაბიძე. მის დანახვაზე საშინელი სტრესი მივიღე. ვინერვიულე, სუნთქვა შემეკვრა, თავბრუ დამეხვა. ამდენი წლების შემდეგ, ამ კაცის დანახვამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. ყველაფერი თავიდან გამახსენდა. რამდენი რამ დავკარგე ამ წლების განმავლობაში. მაშინ ოთხი კვირის ფეხმძიმე ვიყავი, ისე მცემეს, მუცელი მომეშალა. ცხვირი ისე გამიტეხეს, ოპერაცია დამჭირდა. შემოვარდნენ სახლში, მცემეს. ჩემი მეუღლე ჩემი ძმა სასტიკად სცემეს, აბსოლუტურად ჩემი ოჯახის ყველა წევრებს სასტიკად გაუსწორდნენ. მაგინებდნენ, იმ სიტყვებს ვეღარ გავიმეორებ. მემუქრებოდნენ, შუაზე გაგხეთქავთო, რომ ჩემი ერთი წლის ძმისშვილს ფეხებით დაჰკიდებდნენ და მარიამს უპატრონო ბავშვთა სახლში ჩააბარებდნენ. ყვიროდნენ, სად არის კობა ოთანაძეო, მემუქრებოდნენ, რომ ყველაფერს დავკარგავდი, რაც კი ამ ქვეყნად გამაჩნდა.
"ჩემს ძმიშვილს დაკიდებდნენ ფეხებით და გვემუქრებოდნენ თუ არ ვიტყოდით შუაზე გაგლიჯავდნენ. მოდულის შენობაში ვიყავი დაკითხვაზე. როგორც კი გავჩერდებოდი, ისევ შემოიყვანდნენ პატარა მარიამს და ფეხით ეჭირათ. მემუქრებოდნენ, ბავშვს ხელს გავუშვებთო. ვეღარ ვუძლებდი ამ ტკივილს, ჩემს ძმისშვილს ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავდი. არც კი ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, ნამდვილად არ ვიცოდი, სად იყო ბიძაჩემი კობა ოთანაძე“,- ამბობს ნათია ზარიძე.
შეგახსენებთ, რომ საგამძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომხდარი ფაქტის შემდეგ ლევან ტაბიძეს, ზარიძეების ოჯახის წევრების მიმართ გამოჩენილი სისასტიკის და ამ გზით ძებნილი პირების ადგილსამყოფელის შესახებ მიღებული ინფორმაციის მოპოვებისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით გადაეცა ფულადი პრემია 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით მიენიჭა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი.
წყარო: kvira.ge
მასალის გამოყენების პირობები






