კანის კინობაზრობა, მსოფლიო კინოს ეპიცენტრია, სადაც ერთმანეთს საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ხვდებიან.
ეს არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს კინოპროფესიონალებს განავითარონ თანამშრომლობა, გააფართოვონ პროფესიული ქსელი, გააცნონ ერთმანეთს ბოლო პერიოდის მიღწევები და დასახონ სამომავლო გეგმები.
ფილმები საქართველოდან, რომლებსაც კანში აჩვენებენ
ელდარ შენგელაიას უკვდავი „ცისფერი მთები“ სექციაში „Cannes Classics 2014“ საგანგებოდ იქნება ნაჩვენები, როგორც ქართული კინემატოგრაფის შედევრი. ჩვენება კანში 18 მაისს გაიმართება. ამ სექციის საპატიო სტუმარი წელს კანში სოფი ლორენია.
კანის ამავე სექციაში ნაჩვენები იქნება სერგო ფარაჯანოვის “ბროწეულის ფერი.” (“SAYAT NOVA”).
მოკლემეტრაჟიანი ფილმების მთავარ კონკურსში მონაწილეობს დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები“. 10 წუთიანი ქართული ფილმი 128 ქვეყნის 3450 მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრიდან შეირჩა და 9 საუკეთესოს შორის მოხვდა. გამარჯვებულს ჟიურის პრეზიდენტი, ირანელი რეჟისორი - აბას კიაროსტამი გამოავლენს. ფილმის ჩვენება 23 მაისს გაიმართება.
კანის მთავარ კონკურსში მონაწილეობს მიშელ ჰაზანავიჩუსის „ძებნა“, რომლის უდიდესი ნაწილი საქართველოშია გადაღებული და ფრანგულ-ქართული კოპროდუქციაა. ფილმის თემა ჩეჩნეთის ომია. (სტუდია „სარკე“).
18 მაისს, 17 : 00 საათზე, საქართველოს პავილიონში გაიმართება მიღება (Happy Hour) უცხოელი სტუმრებისთვის საქართველოს და ქართული კინოს პოპულარიზაციის მიზნით.
European Film Promotion-ის და ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი მუშაობის შედეგად, წელს, კანის ფესტივალზე, პროდიუსერთა პროგრამაში PRODUCERS ON THE MOVE ნომინირებულია ქართველი პროდიუსერი - თინათინ ყაჯრიშვილი. რეჟისორი და პროდიუსერი სექციაში წარადგენს პროექტს: „ბილეთი ერთი მიმართულებით“.
ბაზრობაზე გაიმართება თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის „პატარძლების“ ოთხი ჩვენება. (Market Screeinings).
კანის ფესტივალზე “მსოფლიო პავილიონში” (Cinema du Monde) მარიამ ხაჭვანი და ვოვა კაჭარავა მონაწილეობენ პროექტით „დედე“.
Producers Network
პროდიუსერებისთვის განკუთვნილ სექციაში Producers Network, წელს საქართველოდან მიემგზავრებიან თბილისში გამართული მინი იავეს ტრეინინგის მონაწილეები: ნოშრე ჩხაიძე, ეკა ჯოჯუა, ლაშა ხალვაში.
მასალის გამოყენების პირობები






