ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ გაზეთების ”ალიასა” და ”კვირის ქრონიკის” სტატიებს სასამართლოსა და მოსამართლის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით ეხმიანება.
"2014 წლის 12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელე შპს ''ფრესკო თრეიდ ჰაუსის'' სასარჩელო განცხადება მოპასუხე შპს ”ალია ჰოლდინგის” მიმართ. სასარჩელო მოთხოვნა იყო შემდეგი:
1. შპს ''ალია ჰოლდინგს'' დაევალოს გაზეთ ''ალიას'' 2013 წლის 11 სექტემბერს 114 ნომერში პირველ, მე-8 და მე-9 გვერდებზე შპს ''ფრესკო თრეიდ ჰაუსის'' პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის ირგვლივ გავრცელებული ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა მოხდეს იმავე გაზეთის საშუალებით შემდეგი ფორმით: გაზეთ ''ალიას'' 2013 წლის 11 სექტემბრის 114 -ე ნომერში პირველ, მე-8 და მე-9 გვერდებზე შპს ''ფრესკო თრეიდ ჰაუსის'' პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის ირგვლივ გავრცელებული ღირსების შემლახველი ცნობები, რომ ჰიპერმარკეტ ''ფრესკოში'' ვადაგასულ პროდუქციას ყიდიან, არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს გაზეთ ''ალიას'' მხრიდან ცილისწამების გავრცელებას.
2. შპს ''ალია ჰოლდინგს'' დაეკისროს შპს ''ფრესკო თრეიდ ჰაუსის'' სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1 000 000 ლარის გადახდა;
გადაწყვეტილების თანახმად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი და შპს ''ალია ჰოლდინგს'' დაევალა გაზეთ ''ალიას'' უახლოეს ნომერში, პირველ გვერდზე გამოქვეყნდეს ცნობა, რომ გაზეთ ''ალიას'' 2013 წლის 11 სექტემბრის #114 -ე ნომერში პირველ, მე-8 და მე-9 გვერდებზე შპს ''ფრესკო თრეიდ ჰაუსის'' შესახებ გამოქვეყნებული სტატია, რომ ''ჰიპერმარკეტ ''ფრესკოში'' ვადაგასულ პროდუქციას ყიდიან'', არ შეესაბამება სინამდვილეს და სტატიაში გადმოცემული ინფორმაცია არ დადასტურდა ჰიპერმარკეტ ''ფრესკოდან'' ნიმუშის სახით ამოღებული ''ნედლი ქათმის'' ლაბორატორიული კვლევით.
სასამართლომ სარჩელის მე-2 მოთხოვნა, რომ შპს ''ალია ჰოლდინგს'' დაეკისროს შპს ''ფრესკო თრეიდ ჰაუსის'' სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1 000 000 ლარის გადახდა არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ-დადგენილია, რომ სტატია დაიბეჭდა 2013 წლის 11 სექტემბერს, ხოლო შემთხვევა მოხდა 2013 წლის 6 სექტემბერს. საქმის მასალებით, სტატიის შინაარსით დასტურდება, რომ ჟურნალისტს 11 სექტემბრისათვის არ ჰქონდა ხელთ უფლებამოსილი ორგანოს-სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საექსპერტო დასკვნა, რაც დაადასტურებდა გაზეთ ''ალიას'' ჟურნალისტის ნინო სამხარაძის მიერ ნაყიდი, ან ნიმუშის სახით ამოღებული პროდუქტის შეუსაბამობას მისთვის კანონით წარდგენილ მოთხოვნებთან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოს წარმოუდგინა სათანადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რაც ადასტურებს, რომ მოსარჩელის კუთვნილ ობიექტში აღებულ ნიმუშზე რაიმე შეუსაბამობა არ აღმოჩენილა და სადავო ფაქტის დღეს აღებული ''ნედლი ქათამი'' შეესაბამებოდა ''ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი 11 სანიტარული წესებისა და ნორმების 2.3.2.000-00 მოთხოვნებს.
მოპასუხის მიერ არ მომხდარა დადასტურება იმ გარემოებისა, რომ შპს ''ფრესკო თრეიდ მარკეტის'' კუთვნილ ჰიპერმარკეტში შეძენილი პროდუქტი იყო ნამდვილად გაფუჭებული და მოხმარებისათვის შეუსაბამო. სასამართლო განმარტავს, რომ პროდუქტის ვარგისიანობის დადგენა წარმოადგენს ლაბორატორიული შემოწმების კომპეტენციას და ზედაპირულად, ვიზუალურად, ერთი შეხედვით პროდუქტის შეფასება, როგორც უვარგისი, არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. საქმის მასალებში დაცული სტატიის მიხედვით სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული კომენტარი არ შეიძლება დაუპირისპირდეს ამავე სამსახურის მიერ გაცემულ ოფიციალურ დასკვნას, რომ საკვლევი ნიმუში შეესაბამება წაყენებულ მოთხოვნებს.
სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში იმსჯელა მედიასაშუალების როლზე, მან კერძოდ განაცხადა: სასამართლო განმარტავს, რომ მედიასაშუალების/ჟურნალისტის ვალდებულებაა მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა ზომა, რომ საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაცია იყოს ობიექტური. განსახილველ შემთხვევაში ჟურნალისტისათვის ცნობილია, რომ შესაბამისი ნიმუშები წარდგენილია ექსპერტიზის ჩასატარებლად. ცნობილია, რომ მისი პასუხები იქნება რამდენიმე დღეში, რაც დაადასტურებს არსებულ რეალობას, თუმცა გაზეთი სასწრაფოდ ბეჭდავს ისეთ სტატიას, სადაც დადასტურებულად ჩანს ჰიპერმარკეტ ''ფრესკოში'' ვადაგასული პროდუქტების გაყიდვა. მედიასაშუალებას ევალებოდა დალოდებოდა ექსპერტიზის პასუხებს და შემდეგ გამოექვეყნებინა მტკიცებით ფორმაში თავისი პოზიცია.
სტატიის მკითხველს უჩნდება განცდა, რომ აღწერილი მოვლენა უტყუარია, ხოლო სათანადო ორგანოთა პასუხსაგები პირების ციტატები უფრო სარწმუნოს ხდის აღწერილს, თუმცა იმ ფაქტს, რომ ჟურნალისტის მიერ ნაყიდი ''ნედლი ქათამი'' უვარგისია საკვებად და მით უმეტეს, ''ჰიპერმარკეტ ''ფრესკოში'' ვადაგასული პროდუქტები იყიდება'', სჭირდებოდა მეტი ფაქტობრივი დადასტურება, შესაბამისი ორგანოების მიერ კვალიფიციური კვლევა და მხოლოდ შემდეგ გამოქვეყნება.
მეწარმის რეპუტაცია, მომსახურების მაღალი ხარისხი არის პირდაპირ დაკავშირებული მის საქმიანობის შედეგებთან. ყოველი ინფორმაცია, რაც ადასტურებს, რომ მეწარმე არ არის მაღალი ხარისხის პროდუქციის გამსაღებელი, მეწარმის იმიჯს ზიანს.
სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, რომლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. კონსტიტუციის მე-19 მუხლით, რომლის თანახმად კი ყველა ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ვკითხულობთ: სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენციის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად 1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად... 2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, იმის გამო, რომ იგი მოიცავს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, შეზღუდვებს ან სასჯელს, რომლებიც გათვალისწინებული არიან კანონით და აუცილებლობას წარმოადგენენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე, უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთისათვის, სხვათა რეპუტაციის უფლებების დაცვისათვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებისა და სასამართლო ხელისუფლების უზრუნველსაყოფად. კონვენციის ციტირებული მუხლის ერთ-ერთი განმარტებისას ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება, როგორადაც იგი კონვენციის მე-10 მუხლით განისაზღვრება, წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას. აქედან გამომდინარე, სიტყვის თავისუფლების რეგლამენტირებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრისას შეფასებული უნდა იყოს კონკრეტული ზიანი, რაც მხარემ განიცადა, მოპასუხის როლი და ადგილი საზოგადოებაში, მისი შესაძლებლობები, დარღვევის სიმძიმე.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე არის მედიასაშუალება, მისი როლი არის სწორი და დროული რეაგირება მოახდინოს და საჯარო გახადოს საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხები. ამიტომ მის მიმართ განხორციელებული სანქცია უნდა იყოს შესაბამისობაში ჩადენილ დარღვევასთან. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებები იმისა, თუ რა მატერიალური ზიანი მიადგა სადავო სტატიის გამოქვეყნებით. მეწარმის მორალური ზიანის ერთ-ერთი მთავარი განზომილება, მის არამატერიალურ უფლებათა ხელყოფასთან ერთად, არის სწორედ ის პირდაპირი კავშირი რეპუტაციასა და მომხმარებელთა შემცირებასთან, რაც შესაძლოა მოპასუხის არამართლზომიერმა ქმედებამ გამოიწვია.
აღსანიშნავია ასევე ის ეფექტი, რაც დადგენილ სანქციას შეიძლება ჰქონდეს სიტყვის თავისუფლების გამომხატველის მიმართ. რადგან მედიასაშუალებისათვის, მისი რეპუტაციისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მის მიერ გამოქვეყნებული მასალების სისწორის ვარაუდი საზოგადოების მხრიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საკმარისი და სათანადო სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზომა იქნება მოპასუხეს დაევალოს უახლოეს ნომერში გამოაქვეყნოს ცნობა, რომ 2013 წლის 11 სექტემბრის სტატიაში გადმოცემული ინფორმაცია არ დადასტურდა ჰიპერმარკეტ ''ფრესკოდან'' ნიმუშის სახით ამოღებული ''ნედლი ქათმის'' ლაბორატორიული კვლევით. აღნიშნული დავალება, ერთი მხრივ დაადასტურებს მოსარჩელის რეპუტაციის სანდოობას, ხოლო მეორე მხრივ ექნება პრევენციული ხასიათი მოპასუხის მიმართ არ ჩაიდინოს მსგავსი ქმედება, ასევე პასუხი აგოს უკვე მომხდარზე.
საზოგადეოებისათვის ყურადსაღები უნდა იყოს ასევე ის გარემოება, რომ მიუხედავად იმისა რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული და მისი იძულებითი აღსრულება ჯერ შეუძლებელია, სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ პატივისცემა ევალება ყველა პირს. სასამართლომ ჩათვალა რა მოსარჩელის უფლებები დარღვეულად სტატიის გამოქვეყნებით, შპს ''ალია ჰოლდინგს'' დაავალა გაზეთ ''ალიას'' უახლოეს ნომერში, პირველ გვერდზე გამოექვეყნებინა ცნობა, რომ გაზეთ ''ალიას'' 2013 წლის 11 სექტემბრის #114 -ე ნომერში პირველ, მე-8 და მე-9 გვერდებზე შპს ''ფრესკო თრეიდ ჰაუსის'' შესახებ გამოქვეყნებული სტატია, რომ ''ჰიპერმარკეტ ''ფრესკოში'' ვადაგასულ პროდუქციას ყიდიან'', არ შეესაბამება სინამდვილეს და სტატიაში გადმოცემული ინფორმაცია არ დადასტურდა ჰიპერმარკეტ ''ფრესკოდან'' ნიმუშის სახით ამოღებული ''ნედლი ქათმის'' ლაბორატორიული კვლევით. აღნიშნულის საპირისპიროდ მართლმსაჯულების აშკარა უპატივცემულობის გამოხატვაა, როდესაც გადაწყვეტილების სრული უგულებელყოფით გაზეთ ალიაში ყოველდღიურად იბეჭდება იგივე სტატია და მას ერთვის მოსამართლის მიმართ გამოხატული უპატივცემულობა. აღნიშნული ქმედება უნდა ჩაითვალოს სასამართლო ხელისუფლების დაცინვად, უპატივცემულობად და მასზე ზეწოლად, რადგან, როგორც მედიასაშუალება აცხადებს მას სააპელაციო სასამართლოსათვის მიმართული აქვს სააპელაციო საჩივრით, რაც გულისხმობს, რომ მე-2 ინსტანციის სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების კანონიერებაზე ისეთ პირობებში, როცა ყოველდღიურად ხდება სასამართლო ხელისუფლებისადმი აშკარა უპატივცემულობა ამავე გაზეთის-აპელანტი მხარის მხრიდან.
„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ მოუწოდებს „ალია ჰოლდინგს“ შეწყვიტოს სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია, პატივი სცეს მართლმსაჯულებას და შეწყვიტოს ზეწოლა სასამართლოზე, რომელიც განიხილავს აღნიშნულ სადავო საკითხს. „ალია ჰილდინგმა“ უნდა გამოიყენოს თავისი სამართლებრივი უფლება და დაამტკიცოს სიმართლე სასამართლოში, ხოლო მიღებულ გადაწყვეტილებას, რა მტკივნეულიც არ უნდა იყოს იგი, პატივი უნდა სცეს ნებისმიერმა პირმა",- აღნიშნულია "მოსამართლეთა ერთობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






