2010 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელმაც ძირეულად შეცვალა მანამდე არსებული სამართალწარმოების წესები - მტკიცებულებათა წარდგენა და გამოკვლევა ხორციელდება სასამართლოში დაცვისა და ბრალდების მხარეების უშუალო მონაწილეობით (შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი), მაშინ როდესაც 2010 წლის ოქტომბრამდე მოქმედი კანონით მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება ხორციელდებოდა წინასწარი გამოძიების სტადიაზე ბრალდებულის და მისი ადვოკატის მონაწილეობის გარეშე და ამ მტკიცებულებათა ხელახლა გამოკვლევა მიმდინარეობდა სასამართლოში ანუ ახალი არაფერი ხდებოდა, რაც დაეხმარებოდა ბრალდებულს და მის ადვოკატს უკეთ დაეცვათ თავი.
2010 წლის ოქტომბრამდე მოქმედი სისტემა, რომელსაც მეცნიერებაში ინკვიზიციურ სისხლის სამართლის პროცესს უწოდებენ, სწორედაც რომ წინასწარი, მხოლოდ ბრალდების სასარგებლო გამოძიების გამო იყო საფუძვლიანი კრიტიკის საგანი - საზოგადოება არ ენდობოდა იმ მტკიცებულებებს, რომელიც მოპოვებული იყო მხოლოდ გამომძიებლის მიერ ჩატარებული მოქმედებებით და შემდეგ წარდგენილი სასამართლოზე. ძირითადად ეს უნდობლობა მიმართული იყო მოწმეების მიმართ, რომლებიც ჯერ ჩვენებას აძლევდნენ გამომძიებელს და შემდეგ ვალდებულნი იყვნენ იგივე ჩვენება მიეცათ სასამართლოში.
2014 წლის 1 იანვრიდან საბოლოოდ უნდა ამოქმედებულიყო წესი, რომლის თანახმადაც მოწმის ნებისმიერი დაკითხვა უნდა წარმოებდეს მოსამართლისა და მხარეების თანდასწრებით, მაგრამ პარლამენტმა გადაწია ამ წესის ამოქმედება 2016 წლის 1 იანვრამდე.
რეფორმატორთა კლუბისათვის მიუღებელია ის არგუმენტები, რომლითაც საპარლამენტო უმრავლესობამ დაასაბუთა ამ გადაწყვეტილების მართებულობა, კერძოდ:
არგუმენტი 1. - მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის თითოეული სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების ვადებს.
არგუმენტი მიუღებელია, ვინაიდან ძველი წესის შესაბამისად, წინასწარ გამოძიებაში დაკითხული მოწმის ჩვენებას სასამართლო ვერ შეაფასებს, როგორც მტკიცებულებას, თუ იგივე მოწმე სასამართლოში არ დაიკითხება. შესაბამისად ეს წესი ვერ უზრუნველყოფს საქმის განხილვის დაჩქარებას
არგუმენტი 2. იმ შემთხვევაში თუ გამოძიებას არ ექნება საშუალება მოწმის დაკითხვის გზით მოიპოვოს ინფორმაცია და მტკიცებულება, გართულდება პროკურატურის მიერ თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციის (სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრეციულობა) განხორციელება და გაიზრდება არაობიექტური და არასამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების რისკი
არგუმენტი მიუღებელია, ვინაიდან მოწმის ჩვენების გარდა კანონმდებლობა იცნობს სხვა მტკიცებულებებსაც - აუდიო, ვიდეო ჩანაწერები, ნივთიერი მტკიცებულებები, დოკუმენტები, რომელიც შესაძლოა გახდეს საქმეზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი
არგუმენტი 3. გამოძიებას ხელიდან გამოეცლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი - გამოძიების ეტაპზე მოწმის (დაზარალებულის) ჩვენება, როგორც მტკიცებულება, რადგან გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და მიმდინარეობის ცხელ კვალზე არ იქნება შესაძლებელი მათი დაკითხვა. გამომძიებელი და პროკურორი ვერ იქნებიან დარწმუნებული, რომ რამდენიმე თვის შემდეგ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ბრალდების მოწმე და დაზარალებული მისცემენ სწორ ჩვენებას და არ ეცოდინებათ, საერთოდ ისინი რას იტყვიან.
საპარლამენტო უმრავლესობის ეს არგუმენტი საერთოდ აცდენილია შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმადაც ორივე მხარეს თანაბრად აქვს უფლება მოიპოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რითაც კისრულობენ პასუხისმგებლობას თავისი პოზიციის დასაბუთებულობაზე. თუ გამოძიებას და პროკურორს მივცემთ იმის საშუალებას, რომ წინასწარ დაკითხოს მოწმე, რითაც ექნებათ გარანტია, რომ იგივე ჩვენებას მიიღებენ სასამართლოში, ცხადია შეჯიბრებითობის პრონციპი დაირღვევა, ვინაიდან იგივე უფლება და გარანტიები არ ექნება დაცვის მხარეს.
გარდა ამისა, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა, განსაკუთრებულ შემთხვევებში უშვებს გამოძიების დროს მოწმის დაკითხვის შესაძლებლობას, მოსამართლის, ადვოკატისა და პროკურორის მონაწილეობით, თუ მოწმე ვერ შეძლებს სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებას ან მისი ჩვენება, როგორც მტკიცებულება აუცილებელია საქმის სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
ამასთან, კიდევ ორი წლის განმავლობაში იარსებებს გამომძიებლების მხრიდან ადვოკატის მონაწილეობის გარეშე მოწმისაგან ,,სასარგებლო“ ჩვენებების მიღებისა და ამ ჩვენებების სასამართლოზე დადასტურების იძულების რისკი, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს მთლიანად მართლმსაჯულების დისკრედიტაციას.
ამრიგად, მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მოყვანილი არგუმენტები მოწმის დაკითხვის ძველი წესის კიდევ ორი წლით შენარჩუნებასთან დაკავშირებით მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ და ლოგიკურ მსჯელობას და ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის იდეებს.
ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი“
მასალის გამოყენების პირობები






