2014 წლის 2 მაისს, სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებასთან საზოგადოებრივი მისაღები გაიხსნა. მისაღების გახსნას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი დარბაისელი, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
ამ სერვისით როგორც მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები, ასევე ადვოკატები და სხვა დაინტერესებული პირები ისარგებლებენ.
საზოგადოებრივ მისაღებში მოხდება განაცხადების მიღება, კონსულტაცია თემატურ საკითხებზე, ასევე ამანათებისა და პაემნების რეგისტრაცია. მსგავსი სერვისი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კომუნიკაციას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის.
რიგით მერვე საზოგადოებრივი მისაღები მოქალაქეთა მიღებას დღესვე შეუდგა. მსგავსი სერვისით მოქალაქეები უკვე სარგებლობენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, გლდანის N8 და N18, ქსნის N15 და N19, რუსთავის N17, N5 და N6 და ბათუმის N3 დაწესებულებებში. ახლახანს დაიწყო საზოგადოებრივი მისაღების მშენებლობა N11 არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში.
საზოგადოებრივი მისაღების გარდა სასჯელაღსრულების სამინისტროს ავტოპარკი 20 ახალი საბადრაგო მანქანით შეივსო. მანქანები მსჯავრდებულების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას მოემსახურება. საბადრაგო ავტომობილებში შესაძლებელია პირველადი სამედიცინო მომსახურება, ისინი სათვალთვალო კამერებით არის აღჭურვილი.
მასალის გამოყენების პირობები






