1 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატი ქალბატონებისთვის გაიმართა ტრენინგი. სწავლება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გახსნა და მონაწილეებს არჩევნებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზეც ესაუბრა. ტრენერებმა კანდიდატ ქალბატონებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების მარეგულირებელი კანონმდებლობის იმ ნაწილთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ეფექტური კომუნიკაციის ფორმებსა და სტრატეგიას ეხება. არჩევნებში მონაწილე ქალბატონები საარჩევნო კამპანიის წარმოების შესახებ საარჩევნო კოდექსით დადგენილ წესებს, კენჭისყრის დღის მიმდინარეობისა და არჩევნების შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც გაეცნენ.
ტრენინგი, რომელიც სასტუმრო „შატო მერე“-ში გაიმართა, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა ცესკოს ეგიდით, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში განახორციელა.
შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე
1 მაისს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა და არჩევნებში შშმ პირთა ჩართულობის მნიშვნელობასა და მათთვის შესაბამისი საარჩევნო გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია იმ აქტივობების შესახებაც მიაწოდეს, რომელსაც ცესკო 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში შშმ პირთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს. სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებს შორის არის ინტერაქტიული რუკა, რომელიც ცესკოს საიტზე განთავსდება და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება ადაპტირებული საარჩევნო უბნების კოორდინატები იხილოს; სიახლეა მხედველობა დაქვეითებული პირებისთვისაც, - ისინი უშუალოდ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. გამადიდებელი ლინზით ისარგებლებენ.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრები, რომელშიც ცესკოსთან ერთად ჩართულები არიან ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის ოფისი, პერმანენტულ ხასიათს ატარებს და შშმ პირებისთვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, ასევე მათი საარჩევნო პროცესებში ჩართულობის უზრუნველყოფას უწყობს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები






