არასამთავრობო ორგანიზაცია „გრაალმა“ „მომავლის გზის“ აღსაზრდელებს ერთი ემოციური დღე მოუწყო. ორგანიზაციის წევრებმა ბავშვთა სახლის ოცდახუთ აღსაზრდელს სხვადასხვა სპონსორი კომპანიის სახელით საჩუქრები გადასცეს. ბავშვების ემოცია განსაკუთრებით „მულტი-პულტიდან“ მისულმა გმირებმა - სპაიდერმენმა და ფიფქიამ გამოიწვია. ღონისძიების დეტალებზე „ნიუპოსტს“ „გრაალის“ სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი თემურ ბარაბაძე ესაუბრა.
„ორგანიზაცია „გრაალმა“ გიორგობასთან დაკავშირებით საბურთალოზე, ვაზისუბნის ქუჩაზე არსებულ ბავშვთა სახლში ღონისძიება გამართა. „მომავლის გზა“-ში 25 აღსაზრდელი ცხოვრობს. ყველა მათგანი დავასაჩუქრეთ. მულტი-პულტიდან გვყავდა ორი გმირი მიყვანილი, რომელსაც თავისი პროგრამა ჰქონდათ. ასევე გვქონდა მასტერკლასები ხატვაში, ლექსებში და სიმღერაში. თვითონაც წარმოადგინეს საკუთარი თავი - ლექსებით, სიმღერით და ცეკვით. საოცარი ემოცია ჰქონდათ ბავშვებს. ემოციებს ვერ მალავდნენ“, - აცხადებს თემურ ბარაბაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია „გრაალი“ მომავალში ძირითადად საგანმანათლებლო პროექტებზე აპირებს მუშაობას.

„ჩვენი ორგანიზაცია ძირითადად საგანმანათლებლო პროექტებზე იმუშავებს. ეს იყო უბრალოდ ორგანიზაციის გამოსაცოცხლებელი ღონისძიება. გვინდოდა პირველად კეთილი საქმით დაგვეწყო. გამომდინარე იქიდან, რომ აქტუალური თემაა თვითმმართველობის არჩევნები, შესაძლოა საკრებულოს მოდელირება გავაკეთოთ. ამ ეტაპზე პროექტის დაწერის რეჯიმში ვართ“, - ამბობს თემურ ბარაბაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია „გრაალი“ 20 წლის წინ დაარსდა. ორგანიზაცია გაწევრიანებულია სხვადასხვა ევროპულ რიგებში.




მასალის გამოყენების პირობები






