დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთის მოსახლეობა ჩანგრეული ხიდის აღდგენამდე შემოვლითი გზის გაკეთებას ითხოვს.
,,იქნებ ხიდის აღდგენამდე შემოვლითი გზა მაინც გაგვიკეთონ, რომ პირუტყვის საძოვრებამდე მიყვანა შევძლოთ”, - ამბობს გუგუთელი გიორგი მგელაძე და დასძენს: ,,საცალფეხო გზა ადგილობრვ მუნიციპალოტეტს 1000-2000 ლარზე მეტი არ დაუჯდება“.
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოგიტა ბარბაქაძე ადგილობრივი მოსახლეობის მოსთხოვნასთან დაკავშირებით საქმის კურსშია და აცხადებს , რომ იქ, სადაც მოსახლეობა შემოვლითი გზის გაკეთებას ითხოვს კლდოვანი რელიეფია და სრულფასოვანი გზის გაკეთება ფიზიკურად გაჭირდება, თუმცა საცალფეხო გზის გაკეთების პირობას დებს და აცხადებს, რომ მძიმე ტექნიკა გზის რეაბილიტაციისთვის მუშაობას უკვე ხვალ შეუდგება.
,,ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც ჩანგრეული ხიდის აღსადგენად, ისე საცალფეხო გზის გასაკეთებლად. პროცესში ინფრასტრუქტურის სამინისტროცაა ჩართული და სპეციალურ პროექტი, რომლის მიხედვითაც ხიდის აღდგენა უნდა მოხდეს 10 დღეში იქნება მზად. პროექტი 150 ათასი ლარი ჯდება და უკვე შევხვდით რამდენიმე სამშენებლო ფირმას. სწორედ სამშენებლო ფირმა უზრუნველყოფს ხიდის სრულფასოვან აღდგენამდე დროებითი, ლითონის ხიდის დადგმას, რითაც ადგილობრივებს გადაადგილების საშუალება მიეცემათ“, - აცხადებს ბარბაქაძე.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთში რაიონთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი 25 აპრილს ჩაინგრა.
მასალის გამოყენების პირობები






