ავიაკომპანია „START AIRLINE“-ის წარმომადგენელმა ბაჩო თორთლაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 26-27 აპრილს მომხრადი ინციდენტის შესახებ სკანდალური განცხადება გააკეთა. საქმე ეხება ერაყის მოქალაქეების მიმართ სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.
„26 აპრილს განრიგის მიხედვით სრულდებოდა ერაყიდან საქართველოს მიმართულებით რეისი სულეიმანია-თბილისი. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი დაეშვა აეროპორტში და მგზავრები გამოვიდნენ პასპორტ-კონტროლის გასავლელად, 9 მგზავრს უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიაზე შეშვებაზე. ისინი გადაიყვანეს ნეიტრალურ ზონაში და მოათავსეს დაახლეობით, 12 კვ.მ მოცულობის ოთახში, რომელსაც არ ჰქონდა სავენტილაციო სისტემა. თითო მგზავრს თითო ბოთლ წყალში გადაახდევნეს 15 დოლარი. ერაყის ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა გულის მწვავე უკმარისობა, გადაახდევინეს 5 დოლარი და როგორც სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა განუმარტეს მას, ეს გახლდათ ქართული ჟანგბადის ფასი. როდესაც მგზავრებმა მოითხოვეს ახსნა-განმარტება, თუ რატომ ეთქვათ უარი ქვეყანაში შეშვებაზე, კიდევ უფრო გამძაფრდა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან აგრესია და ცინიზმი. ისინი გადავიდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებზე და ფიზიკურ ზეწოლაზეც; ერთ-ერთ მგზავრს რამდენჯერმე გაარტყეს სახეში ხელი.
ერაყის მოქალაქეებმა მოითხოვეს უკან დაბრუნება ჩვენი კომპანიის რეისით, თუმცა მათ უარი უთხრეს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა და ალტერნატივის სახით შესთავაზეს თბილისი-თურქეთი-თურქეთი-სულეიმანიის მიმართულებით გამგზავრება. ამ შეთავაზებაზე მგზავრებმა თავდაპირველად უარი განაცხადეს. ამის შემდგომ მათ ჩამოართვეს პასპორტები და მობილური ტელეფონები. შეშინებული მგზავრები იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ შეთავაზებას. პოლიციამ თითოეულ მგზავს გამოართა 900-900 დოლარი, მაშინ როცა თბილისი-სტამბული-სტამბული-სულეიმანიის მიმართულებით ბილეთის ფასი 400 დოლარია. ჯამში მგზავრებს 14 000 დოლარი გამოძალეს“, - განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე ინფორმაციით, მსგავსი ინციდენტი განმეორდა 27 აპრილს, ერბილ-თბილისის რეისზე, როდესაც 19 მგზავრი აღმოჩნდა ანალოგიურ სიტუაციაში.
„START AIRLINE“-ის წარმომადგენლის განცხადებით, ადგილი აქვს დანაშაულის ჩადენის ფაქტს. კერძოდ: ცემის, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების, პირადი ღირსების შელახვისა და ფულის გამოძალვის ფაქტებს.
კომპანია „START AIRLINE“ მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ აღძრას სისხლის სამართლის საქმე.
„კომპანია აღნიშნულ ინციდენტს განიხილავს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებად, რომელის მიზანიც არის მოხდეს ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის დისკრედიტაცია. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება“, - განაცხადა ბაჩო თორთალაძემ.
მისი თქმით, როგორც კომპანია „START AIRLINE“, ასევე 28-ე დაზარალებული მგზავრი მზაობას გამოთქვამს, ჩამოვიდეს საქართველოში და ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
ამასთან, თორთლაძის განმარტებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შესახებ კომპანიისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მგზავრები თურქეთში ჩავიდნენ და წერილის საშუალებით მომხდარის შესახებ შეატყობინეს კომპანია „START AIRLINE“-ს.
კომპანია ეჭვობს რომ, ყველაფერთან ერთად, ადგილი აქვს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას.
კომპანია საქართველოს მთავარ პროკურატურაში სარჩელის შეტანას დღეს 16:00 საათზე აპირებდა.
წყარო: "რეპორტიორი"
მასალის გამოყენების პირობები






