ლანჩხუთში, სოფელ ჯურუყვეთში რეზო მურვანიძის საცხოვრებელი სახლი გაუმართავი ელექტროსადენების შედეგად გამოწვეულმა ხანძარმა მთლიანად გაანადგურა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მეზობლების თქმით, ცეცხლის ალი სახლს იმდენად სწრაფად მოედო, რომ ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს.
,,მეზობელთან გავჩერდი ცოტა ხანი, დავინახე ჩემი სახლიდან კვამლი ამოდიოდა, მაშინვე გამოვვარდი, მაგრამ, უკვე გვიანი იყო. უფალს მადლობა, რომ შიგნით არავინ იყო. მეორე სართული ხის იყო მთლიანად, ისე უცბად მოედო ცეცხლი, ბუხარი დარჩა მარტო. დილით, რომ დაიწყეს ჩაქრობა ახლაც ძლივს ჩააქრეს ცეცხლი. რაც მქონდა სახლში კარგი, ყველაფერი მეორე სართულზე მეწყო და სულ ჩაიფერფლა. რა ვიცი, რა გითხრათ რანაირად გადავიტან ამ ამბავს არ ვიცი. მეუღლე დავარდნილი მყავს და ღია ცის ქვეშ დავრჩით“,- აღნიშნა 67 წლის ქალბატონმა:
,,ყველას მივმართავ თხოვნით, იქნებ ვინმემ შეძლოს ჩვენი დახმარება. ადგილზე იყო მოსული ჩვენი სოფლის რწმუნებული, საღამოს კიდევ შემოგივლითო და ვნახოთ რის გაკეთება შეიძლებაო“.
მეზობლების თქმით, ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილზე მისულ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა 4 საათის განმავლობაში აქრობდა ცეცხლს.
,,ეს იცით რისი ბრალია? სასწრაფოში ვრეკავთ და თბილისში უნდა მოვხვდეთ, სახანძროში დავრეკეთ ახლაც და თბილისში მოვხვდით. რატომ უნდა ხდებოდეს ასე? ლანჩხუთს რატომ არ უნდა ჰქონდეს ადგილზე ერთი ოფისი, რათა პირდაპირ შევძლოთ დარეკვა. 9 -ჯერ დავრეკეთ თბილისში, დაახლოებით, საათნახევარი დასჭირდა, სანამ გაარკვიეს თუ სად იყო სოფელი ჯურუყვეთი, მანამ კი მოედო ცეცხლი ყველაფერს. როგორ შეიძლება ასეთი რამ. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ აქციის გამართვას და გზის გადაკეტავს. მოვითხოვთ, რომ ლანჩხუთში შეიქმნას შესაბამისი სამსახური. რატომ უნდა გვიწევდეს ჩვენ თბილისისთვის იმის ახსნა თუ სად მდებარეობს ლანჩხუთი და სოფელი ჯურუყვეთი. თორემ აქაურებს რას ვერჩით. ჩვენს სახანძროსთან რა პრეტენზია უნდა გვქონდეს“,- განაცხადა ოჯახის ნათესავმა მაია მაჭავარიანმა.
ადგილზე იმყოფებოდა ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ზენაიშვილი, ამავე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი.
გიგინეიშვილის განცხადებით, ოჯახის დახმარება ზარალის დათვლის შემდეგ სარეზერვო ფონდიდან მოხდება.
,,ადგილზე ვიყავით ჩასულები და შესაბამისად ოჯახმა უნდა მოაგროვოს ეხლა დოკუმენტაცია. ჩვენც დავეხმარებით, გვაქვს სარეზერვო ფონდი და ჩვენ რისი შესაძლებლობაც გვექნება, ვეცდებით დავაფინანსოთ“,- განმარტა გიგინეიშვილმა.
წყარო: "გურიის მოამბე"
მასალის გამოყენების პირობები






