პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოს მთავრობა ახალგაზრდული ბანაკის პროგრამას განახორციელებს.
მთავრობის გვერდზე უკვე გამოქვეყნდა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანება.
განკარგულებაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდის მიზნით, მიღებულია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წინადადება.
აღნიშნული წინადადება 2014 წლის ივნის-სექტემბერში ანაკლიის ტერიტორიაზე პროგრამა "მომავლის ბანაკის" განხორციელებას ითვალისწინებს.
ბრძანებაში დეტალურად არის აღწერილი პროცედურები, რომელიც ახალგაზრდებმა ბანაკში წასასვლელად უნდა გაიარონ.
"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს: "მომავლის ბანაკის" მონაწილეთა კანდიდატურების წარდგენა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ა.ა) შესარჩევი კანდიდატურების ასაკობრივი ზღვარი - 14-18 წელი (საჯარო სკოლის მოსწავლეები); ა.ბ) თითოეული საჯარო სკოლიდან დირექციის მიერ წარმოდგენილი 1 კანდიდატურა (მაღალი აკადემიური მოსწრების და დისციპლინირებული, სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენელი მოსწავლეებისათვის უპირატესობის მინიჭებით); , - აღნიშნულია განკარგულებაში.
კანდიდატურების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრს 20 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა კი უნდა უზრუნველყოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანდიდატურებიდან 1728 ბენეფიციარის შერჩევა (თითოეულ 6 ნაკადზე - 288 პირი).
"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ანაკლიის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული ბანაკისათვის სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდება, ხარისხის კონტროლი, წყალმომარაგების სისტემის გამართულად მუშაობა და ასევე, აღნიშნულ ბანაკთან მისასვლელი საავტომობილო გზების შეუფერხებელი ფუნქციონირება პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში.
ეთხოვოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას ანაკლიაში არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული ბანაკის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სამუშაოთა განხორციელება", - ნათქვამია პრემიერის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში.
მასალის გამოყენების პირობები






