„რეფორმატორთა კლუბის“ დამფუძვნელი დიმიტრი შაშკინი განათლების სამინისტროს ინიციატივას ეხმაურება, რომელიც მიხედვით სწავლის პერიოდი გაიზრდება და სასწავლო პროცესი პირველ სექტემბერს დაიწყება.
„ნიუპოსტთან“ საუბარში შაშკინი ამბობს, რომ სწავლის პირველ სექტემბერს დაწყება ეკონომიკური და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ არის.
„განათლების სამინისტრომ თქვა, რომ სწავლის პერიოდის გაზრდაზე მუშაობენ. ორი კვირის მომატებაზეა საუბარი და სწავლის დაწყების გადმოწევაზე. კომუნისტების დროს, რომ იწყებდნენ 1 სექტემბერს ალბათ ამის ნოსტალგია აწუხებთ. როდესაც გადაწყვეტილება მიღებული იყო, რომ სწავლა იწყება 15 სექტემბერს, ეს არ იყო ჩემი, როგორც მინისტრის გადაწყვეტილება. ამაზე მუშაობდა სპეციალური კომისია. საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე პირველ სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყება მიზანშეწონილი არ არის. ამ დროს ძალიან ცხელა. ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც. თუ ვერ ხვდებიან დაურეკონ მაინც ეკონომიკის სამინისტროს და ეკონომისტები აუხსნიან, რომ სექტემბრის განმავლობაში დასვენების სეზონი გრძელდება. როდესაც მე ვიყავი განათლების მინისტრი ამაზე გავდიოდით კონსულტაციებს. თუ ბავშვები დაიწყებდნენ პირველ სექტემბერს სწავლას, აჭარის და სხვა კურორტებს დააკლდებოდა დამსვენებელი“, - განაცხადა შაშკინმა.
განათლების სამინისტროს ინიციატივით, სასწავლო პროცესი გახანგრძლივდება, შესაბამისად ახალი სასწავლო წლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ცვლილებები იგეგმება.
"ჩვენთან სასწავლო წელი 34-კვირიანი იყო. გადავდივართ 36-კვირიან სასწავლო წელზე. შესაბამისად, გარკვეული ცვლილებები სწავლის დაწყებისა და დასრულების ვადაში, რა თქმა უნდა, იქნება. სასწავლო წლის ხანგრძლივობა იზრდება, შესაბამისად, გადანაცვლება მოხდება და ალბათ, სწავლა დაიწყება უფრო ადრე. განისაზღვრება ვადები. მუშაობენ ექსპერტები, რათა გაითვალისწინონ ყველა გარე და შიდა ფაქტორი, რაც შეიძლება სასწავლო წლის დაწყების განმსაზღვრელი იყოს", - აცხადებს მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






