გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, მე-11 კლასელების გამოსაშვები გამოცდისთვის რეგისტრაცია დღეს იწყება. გამოსაშვები გამოცდები ივნისში ჩატარდება, რადგან ისინი სწავლას 15 ივნისს ასრულებენ.
მეთერთმეტე კლასელები გამოცდას ჩააბარებენ შემდეგ საგნებში: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და გეოგრაფია. მათი საგამოცდო პერიოდი 13 ივნისს დაიწყება. მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ 13 ივნისი, მეთერთმეტე კლასელებისთვის არის სავარჯიშო დღე, როდესაც მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საგამოცდო პროგრამას გაეცნონ და გამოცდის ჩაბარებაში ივარჯიშონ. უშუალოდ პირველი გამოცდა მათ 14 ივნისს ჩაუტარდებათ.
მიმინოშვილის თქმით, 15 ივნისი თვითმმართველობის არჩევნების დღეა, ამდენად ამ დღეს მოსწავლეები დაისვენებენ. საგამოცდო პროცესში კი ისინი 16, 17 და 18 ივნისს ჩაერთვებიან. 19 ივნისი, მე-11 კლასელებისათვის სარეზერვო დღეა და ამ დღეს საგამოცდო პროცესი დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






