The Shin და მარიკო, 2014 წლის ევროფესტივალის ქართველი მონაწილეები კონკურსზე გამგზავრების წინ, ბოლო რეპეტიციებს გადიან. ისინი მაყურებლის წინაშე 8 მაისს, მეორე ნახევარფინალურ საღამოზე მეოთხე ნომრად წარსდგებიან. მუსიკალურ კონკურსზე ისინი შეასრულებენ სიმღერას „Three minutes to earth“ . საკონკურსო სიმღერის ავტორი ზაზა მიმინოშვილია, ტექსტი კი უეჟენ ელიუს ეკუთვნის. სიმღერის არანჟირება თავად ჯგუფმა გააკეთა.
გოგა ჩართოლანი, სსმ-ის გენერალური დირექტორის მოადგილე: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სათქმელი მიგვეტანა, გვეთქვა თუ ვინ ვართ ჩვენ, როგორები ვართ, და წარმოგვეჩინა თუ რამდენად ახლოს არის ჩვენი თვითმყოფადობა ევროპასთან, ჩვენი მთავარი გზავნილია. რომ ჩვენი კულტურა არის ჩვენი, მაგრამ ძალიან ახლოა ევროპული კულტურისთვის და მსოფლიო კულტურისთვის. ამის შედეგად შევარჩიეთ ჯგუფი „შინ“-ი, მაგრამ დარწმუნებულები არ ვიყავით, რომ „შინ“-ი თანხმობას განაცხადებდა. ასევე გვინდოდა კონტრასტული მომღერალი ახალგაზრდა, კარგი ხმით, ქართულ-ევროპული ვოკალით. ბევრი ფიქრი არ დაგვჭირდა, რადგან ასეთი საბედნიეროდ გვყავს მარიკო ებრალიძე. გადავწყვიტეთ, რომ ყოფილიყო ძალიან კონცეპტუალური წარდგენა ამ კონკურსზე“.
„დანიაში 27 აპრილს მივემგზავრებით, ამიტომ ყველანაირად მომართულები ვართ, რომ ნამუშევარი უმაღლესი ხარისხით წარვადგინოთ", - ამბობს მომღერალი მარიკო ებრალიძე.
59-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს კოპენჰაგენი უმასპინძლებს. ევროფესტივალის ნახევარფინალები 6 და 8, ხოლო ფინალი 10 მაისს გაიმართება. კონკურსში წელს 37 ქვეყანა მონაწილეობს.
მასალის გამოყენების პირობები






