ჟურნალისტი იხსენებს, რომ საკნის კედელზე წარწერისთვის ადგილის მოძიება გაუჭირდა, რადგან ყველა დაკავებულს, რომელსაც აქ ერთი საათი მაინც გაუტარებია, საკუთარი კვალი ამ ფორმით დატოვებული ჰქონდა.
ტექსტების შინაარსი, ძირითადად დაკავებულის მდგომარეობას და პოლიტიკას ეხება, სადაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშილის სახელი ფიგურირებს.
კედელზე, შავი კალმით შესრულებული წმინდა გიორგის ხატიცაა ამიტვიფრული, რომელზეც ჟურნალისტი (და ალბათ, არა მარტო ის) ლოცულობა.
აქვეა, მიხეილ სააკაშვილის ფოტოც, რომლის დასახატადაც ტყვეობაში მყოფს ერთი კვირა დასჭირვებია.
„საკანი, სადაც ვიყავი, ცხინვალის უშიშროების დროებითი დაკავების იზოლატორის კარცერი იყო. ნაგვით იყო სავსე, რომელშიც შავი ფანქრის ნაგლეჯი ვიპოვე. კედლები სავსე იყო ქართული წარწერებით და თავისუფალი ადგილის პოვნა გამიჭირდა. დავხატე გული და ჩავწერე - “აქ იჯდა ბელა. 16.04.2014“.
როცა ოს მაღალჩინოსნებსა და ძალოვნებს გასაუბრებებზე გავყავდი და ფსიქოლოგიურ წნეხს ახდენდნენ ჩემზე, გათავისუფლების იმედდაკარგულს, საკანში დაბრუნების მერე მხოლოდ ეს წარწერა მახალისებდა და იმედიან განწყობაზე მაყენებდა. ვფიქრობდი, ოდესმე დადგებოდა დრო, როცა ეს კოშმარი წარსული იქნებოდა. “იჯდა“ წარსული ფორმაა და ამ ყველაფრის წარსულში დატოვებას მეუბნებოდა წარწერა. საკანს ქართველების ნაკვალევი ეტყობოდა. ალბათ სულ ქართველებს აკავებენ, სულ ქართული წარწერები იყო. კედლები აჭრელებული იყო ქართული წარწერებით. 17 საათის განმავლობაში წარწერები რამდენჯერმე გადავიკითხე. ძირითადი პათოსი ის იყო, რომ არ აინტერესებთ პოლიტიკა და ოსები და ქართველები ძმები არიან, უნდათ კარგი ურთიერთობა. წერდნენ ქართველები, ვინც ოსებმა დააკავეს და ამ საკანში ამყოფებდნენ. იყო შემდეგი შინაარსის წარწერები: „გავიდა რამდენიმე დღე, არაფერს მეუბნებიან“, „არ ვიცი გამათავისუფლებენ თუ არა“. „არ ვიცი რას მიპირებენ“, „საქმე უარესობისკენ მიდის“... ერთ-ერთ დაკავებულს კალმით კალენდარი ჰქონდა გაკეთებული, საკანში გატარებულ თითოეულ დღეს აღნიშნავდა, მთლიანობაში ხუთი თვე გაუტარებია.
ერთ-ერთი წარწერის შინაარსიდან ირკვეოდა, რომ ჯონჯოლის კრეფის დროს დაუკავებიათ. წარწერები ძირითადად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი პერიოდით არის დათარიღებული. სააკაშვილიც იყო დახატული ფანქრით დიდად და ავტორს ერთი კვირა დასჭირვებია ამისთვის. საკანში სააკაშვილი აქტუალური თემაა. არის წარწერები „სააკაშვილი სუკა“ და მსგავსი სალანძღავი ტერმინები. წერენ, რომ სააკაშვილის პოლიტიკის მსხვერპნი არიან. რომ ოსები და ქართველები ძმები არიან და არ უნდათ მტრობა. ამ საკანში ბევრი ისტორიაა შენახული.
თითოეულ წარწერას საკუთარი ისტორია გააჩნია. კედელზე წმინდა გიორგის ლოცვა „ტყვეთა განმათავისუფლებელო“ იყო ამოტვიფრული. ვკითხულობდი და მაძლიერებდა. მაძლიერებდა წმინდა გიორგის ხატი, რომელსაც სულ თან ვატარებ. წმინდა გიორგის ვთხოვდი სასწაულის მოხდენას. სასწაული იყო ამ 25 საათიანი ტყვეობის დროს ჩემი სატელეფონო ზარი დედასთან. სიუჟეტიც, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა და რისთვისაც სოფელ აძვში ჩავედი. წმინდა გიორგის ეკლესია მეექვსე საუკუნის უძველესი ძეგლია, სადაც წელს პირველად, აღდგომის დღესასწაულზე სოფლის მოსახლეობა ვეღარ მიდიოდა. ეს ეკლესია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა საზღვრების შემოვლების შედეგად. ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა დაკავებამ შედეგი მოიტანა და აძვის მოსახლეობას ეკლესიაში მისვლის საშუალება მიეცა“, - იხსენებს ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე.
წყარო: accent.com
მასალის გამოყენების პირობები






