ალენ პიზენი: მე და ლევანი საფრანგეთში წლების წინ შევხვდით ერთმანეთს, მაშინ ძალიან მოვიხიბლე ამ ხელოვანის შემოქმედებით და სურვილი გამიჩნდა ერთობლივი გამოფენა მოგვეწყო. მოვაწყვეთ კიდეც დიდი გამოფენა 2007 წელს. ჩვენი ერთობლივი მოღვაწეობა 2002 წლიდან იწყება. ამჯერად ლევანის სამშობლოში ველით დამთვალიერებლის შეფასებას. ბედნიერი ვარ რომ საქართველოშიც გვიხდება ერთობლივი გამოფენის მოწყობა.
დამთვალიერებელი იხილავს ძველი პერიოდის თბილისში შექმნილ რამდენიმე ნამუშევარს, რომელიც აქ მხატვრის სახლში ინახება, ასევე საფრანგეთიდან ჩამოტანილ, ბოლო პერიოდში შექმნილ აბსტრაქტულ ნამუშევრებს და ალენ პიზენის ფოტოებს.
ალენ პიზენი: „ამ გამოფენის ინსპირაცია ბუნებაა. გადამწყვეტი იყო ჩვენი მოგზაურობები საქართველოში, ასევე პირინეებში საფრანგეთში, იქედან წამოვიდა ინსპირაცია, რომ ერთობლივი მიმართულებით გვემუშავა. ამ შემთხვევაში ეს აბსტრაქტული მიმართულება იყო“.
ლევან მოსიაშვილი: „შეიძლება ითქვას 19 წელია ვმოძრაობ, რადგან ამ ხნის განმავლობაში მე ვცხოვრობ საქართველოში, საფრანგეთსა და თვითმფრინავში - ჩემი გამოფენები ბოლო თვეებში საფრანგეთის სამ ქალაქში, ტულუზაში, გრენადასა და ნიცაში ჩატარდა, ამჯერად გერმანიიდან არის ძალიან საინტერესო შემოთავაზებები. მაისიდან კვლავ ვბრუნდები საფრანგეთში და ნიცის რეგიონში ვაგრძელებ მუშაობას, იქ არა მარტო ჩემი გამოფენა, არამედ ქართული კულტურის დღეებიც მოეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები