უცხოელმა კრიტიკოსებმა ნინო სურგულაძე ელენა ობრაზცოვასა და ოლგა ბოროდინას შეადარეს. ეს ბელგიის სამეფო თეატრი იყო, სპექტაკლის ტრანსლაცია ბელგიის ინტერნეტ-ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა. რამდენიმე დღის წინ კი ნინოს საფრანგეთიდან დაურეკეს… ქართველი მეცო-სოპრანო ვერდის „ამნერისის“ პარტიის შემდეგ, მეორე დებიუტისთვის ემზადება. ამჯერად მასკანის ოპერაში „სოფლის პატიოსნება“ მთავარ და ძალიან რთულ სანტუცას პარტიას შეასრულებს. საფრანგეთის შემდეგ კორეაში, მიემგზავრება, იქ კარმენი მიაქვს. კორეას ნორვეგია მოჰყვება. 19 სექტემბერს კი კონცერტი ლონდონშია დაგეგმილი.
ნინო სურგულაძე: ლონდონში ჩემთან ერთად ნანა მირიჩოუ იმღერებს, უცნობილესი სოპრანო, რომელიც ინგლისში ძალიან უყვართ და ძალიან დიდი შემსრულებელია, მასთან ერთად მექნება დუეტები და არიები... ამ კონცერტს „ძლიერი ქალები“ ჰქვია.
-შენ რამდენად ძლიერ ქალად თვლი თავს?
-მე ვთვლი თუ არა, არ ვიცი, მაგრამ რომ უნდა ვიყო ეს ვიცი. საოპერო მომღერლის ცხოვრების რითმიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა იყო ძლიერი, ძალიან რთული პროფესიაა. გარედან ლამაზად ჩანს ყველაფერი და მართლაც ლამაზია, როცა მომღერალი სცენაზე დგას და გამზადებულ პროდუქციას აწვდის მსმენელს, მაგრამ როგორც აიზბერგის ზომა ასჯერ მეტია წყალქვეშ, ასევე დიდი შრომაა ჩადებული ამ ყველაფერში. ამას გარდა, ხშირი მოგზაურობა უცხოეთში, ახალი ქვეყნები, ახალი სახლები, ახალი ნაცნობები და ახალი პარტიების დაძლევა, ამით არის ძალიან რთული, ალბათ ამიტომაც ითვლება, რომ სირთულით მეორე პროფესიაა მსოფლიოში, მაგრამ იმდენად მიყვარს, იმდენად დიდი გრძნობა და სიამოვნებაა, რომ ეს სირთულეები ფერმკრთალდება. წარმატება კი იმდენად დიდი კულმინაციაა, რომ ყვლაფერი გავიწყდება და უკვე აღარ გახსოვს. იცი როგორი რაღაც არის? როდესაც დედა მშობიარობს, ტკივილები აქვს, მაგამ ბავშვი გაჩნდება თუ არა ტკივილი უმალვე ქრება, ამგვარი რამ არის ყოველი დებიუტი და ყოველი ახალი თეატრი ...
-ეს პროფესიას რაც შეეხება, პირად ცხოვრებაში რა ხდება, სიახლე არაფერია?
- ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ცოტათი მიძინებულია ეს საკითხი. მაგრამ ვფიქრობ, ალბათ ასაკიც არის უკვე და ჩემიპირადი მოთხოვნილებაც, რომ ოჯახი და შვილი მყავდეს, რომ მეტი აზრი მიეცეს იმ ყოველივეს რასაც ვაკეთებ. ვფიქრობ მალე მოვა ის მომენტი, როდესაც ჟურნალისტებსაც გავახარებ და ჩემს თავსაც (იცინის)
-ალბათ ამ ეტაპზეც არის ვინმე ისეთი, რომელზეც ფიქრობ და ჩვენ არ ვიცით ჟურნლისტებმა?!
-არ მინდა პირადზე ასე ღიად ლაპარაკი, ადამიანებმა, რაღაც უნდა დაიტოვონ თავისთვის. რადგან ეს ძალიან სათუთი და ძალიან ინტიმური მომენტია, აი როცა გამოჩნდება ადამიანი რომელზეც ვიტყვი, რომ ეს ის ადამიანია, და უკვე თამამად შემეძლება დავარქვა ამას ის ურთიერთობა , რომელსაც სიყვარული ჰქვია და სამომავლოდ ოჯახი, ისედაც ყველა გაიგებს.
- ამბობენ, ნინოს თაყვანისმცემლები უხვად გყავს, მაგრამ რატომღაც არ იკარებსო...
- ჩვეულებრივი ვარ ისევე, როგორც ყველა ქალი, უბრალოდ იმდენად ჩაფლული ვარ ჩემს საქმეში და იმდენ რაღაცას მოითხოვს ეს საქმე, თუნდაც იმდენ გრძნობას, იმდენ ემოციას, რომ სცენაზე გასვლის შემდეგ ძალიან ვიცლები ემოციიისგან. თუმცა, არის ალბათ ადამიანთა კატეგორია, რომელიც გაუძლებდა ამ ჩემს რითმს, რომელიც მართლა ძალიან რთულია... არ გამოვრიცხავ იმას, რომ ის შეიძლება იყოს განსხვავებული პროფესიის, არ იყოს მუსიკოსი, მაგრამ ძალიან უნდა ესმოდეს ჩემი, რადგან ჩემი ცხოვრება ეს არის, ამით ვცხოვრობ და ვარსებობ. თუმცა, ყველა ადამიანს და მათ შორის ჩემს თავსაც ვურჩევ, პირველ რიგში ის, რაც რჩება შენი შვილია, რომელიც უნდა იყოს სიყვარულის ნაყოფი და შენი მომავალი. ამჟამად კი მაქსიმუმი მინდა გავაკეთო იმ ყველაფრისა, რაც ღმერთმა მომცა, რისი ძალაც მაქვს... როცა მოიხედავ, არ უნდა ინანო და სინანულით არ უნდა თქვა - აი, ეს რომ ასე გამეკეთებინა. მე კი სურვილი მაქვს რომელიც მიმაქანებს ...
-დასანანია, ის ფაქტი, რომმომღერალი, რომელიც დღეს მსოფლიოს გამოჩენილ საოპერო სცენებზე წარმატებით მოღვაწეობ, ქართულ სცენაზე არ ჩანხარ, როგორც ვიცი აქ სოლო კონცერტი დიდი ხანია არ გქონია.
-ხო, რატომღაც ასე მოხდა, მაგრამ ამ მხრივაც კარგი სიახელე მაქვს. ახლო მომავალში სოლო კონცერტს საქართველოშიც ვგეგმავ.
საქართველოში სოლო კონცერტამდე ნინო სურგულაძე „საქართველოს მარგალიტებისთვის“ საოპერო არიას წერს. ამ პროექტში მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერლები გაერთიანდნენ და მუსიკალური ნაწარმოებები სიმფონიურ ორკესტრთან ერთად „ბრავო რეკორდსში“ ჩაწერეს. მათ შემოქმედებას მსმენელი მალე ერთ ალბომში იხილავს.
მასალის გამოყენების პირობები