ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის ავტომობილს კვერცხები დაუშინეს და მასზე ცოცხები დააწყვეს.
ადგილზე შეკრებილებმა სასამართლოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ჯემალ დუაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო.
"საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შემადგენლობას აღუდგინა უფლებამოსილება. ვთვლით, რომ ეს არის საბოტაჟი. ის პირები პოლიტიკური ნიშნით იყვნენ ბოკერიას და ადეიშვილის მიერ დანიშნული. გიორგი პაპუაშვილს მივაკითხეთ დღეს რესტორანში, რომელმაც გარეთ გამოსვლის შემდეგ მოგვაყენა შეურაცხყოფა, შეგვაგინა. ამას არ ვაპატიებთ!", - აღნიშნა ჯემალ დუაძემ.
ამ წუთებში ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
მასალის გამოყენების პირობები






