თბილისის 53-ე სკოლის მასწავლებლები განათლების მინისტრს მიმართავენ. მათი თქმით, თუ თამარ სანიკიძე ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ ბრძანებას გააუქმებს, სკოლაში სასწავლო პროცესი დაუყოვნებლივ აღდგება.
ამის შესახებ განცხადება 53-ე სკოლის პედაგოგმა თამარ გეგეშიძემ გააკეთა.
"არასამთავრობო ორგანიზაციებს განათლების სამინისტროს და ჩვენს შორის მოლაპარაკებების შედეგად პედაგოგები აცხადებენ, რომ ისინი სასწავლო პროცესს დაუყოვნებლივ აღადგენენ, იმ შემთხვევაში თუ სკოლაში ახალი სამართლებრივი აქტი მოვა, ახალი დირექტორის დანიშვნის ბრძანების გაუქმების შესახებ. მინისტრმა უნდა გააუქმოს თავისი მეორე ბრძანება ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ. ამ შემთხვევაში ჩვენ აღვადგენთ სწავლას", - განაცხადა თამარ გეგეშიძემ.
თუმცა მისივე განმარტებით, დირექტორის თანამდებობაზე მარიამ რამინაშვილის დაბრუნების შესახებ მოთხოვნა უცვლელი რჩება.
მეხუთე დღეა 53-ე სკოლაში ყოფილი დირექტორის მარიამ რამინაშვილის თანამდებობაზე აღდგენისა და სკოლასა და განათლების სამინისრტოს შორის მედიატორის დანიშვნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






