მომღერალ ეკა კვალიაშვილის დასახმარებლად გახსნილ საბანკო ანგარიშზე დაპირებული 90 ათასი ლარი არ ჩაირიცხა. ინფორმაციას "კვირა" ავრცელებს.
მომღერლის დასახმარებლად რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენები და საზოგადოების წარმომადგენლები გაერთიანდნენ. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ეკა ხოფერიას ტოქშოუში“ დააანონსდა, რომ მომღერალის მკურნალობისთვის 90 ათასი ლარი შეგროვდა.
როგორც „კვირას“ მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა განუცხადა, მის სახელზე გახნილ საბანკო ანგარიშზე 90 ათასი ლარის ნაცვლად მხოლოდ 22 ათასი ლარი ჩაირიცხა.
„სხვადასხვა ადამიანებისგან შეპირებული თანხიდან ანგარიშზე ყველა არ დამჯდარა. ზოგმა გადმორიცხა, ზოგმა კი – არა. სიმართლე გითხრათ, მე ცოტა ნაწყენი ვარ იმ ადამიანებზე, ვინც ჩემი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა საკუთარი პიარისთვის გამოიყენა. ყველას, ვინც დამეხმარა, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. გადაცემაში უამრავი ხალხი იყო ჩართული. ამ ადამიანებისაგან იმხელა სიყვარული და ტალღა წამოვიდა, მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ ანგარიშზე ზოგიერთების მხრიდან თანხა არ ჩარიცხულა. გადაცემის ბოლოს გახმაურდა, რომ საბოლოოდ 90 ათას ლარამდე შეგროვდა, თუმცა ანგარიშზე 22 ათასი ლარი ჩამერიცხა“, – განუცხადა „კვირას“ ეკა კვალიაშვილმა.
მომღერლის საბანკო ანგარიშზე ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას მიერ დაპირებული თანხა არ აღმოჩნდა. ბიზნესმენი გადაცემის მსვლელობისას კვალიაშვილს 10 ათასი აშშ დოლარის გადარიცხვას დაჰპირდა. „კვირა“ ბიზნესმენს მოსკოვში დაუკავშირდა. გაირკვა, რომ ბიზნესმენმა მისი წარმომადგენლის დახმარებით ანგარიშზე ფული გადარიცხა, თუმცა მისი თქმით, თანხა უკან დაუბრუნდა.
„თანხა გადავრიცხე იმ საბანკო რეკვიზეტებზე, რომელიც ჩემმა წარმომადგენელმა საქართველოდან მომაწოდა. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, თანხა უკანვე დამიბრუნდა“, – აღნიშნა ხუბუტიამ.
აღსანიშნავია, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ეკა კვალიაშვილის სამკურნალო თანხა – 10 ათასი ევრო პარიზში, პირდაპირ იმ კლინიკას გადაურიცხა, სადაც მომღერალმა სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა უნდა ჩაიტაროს.
ეკა კვალიაშვილი მძიმე ნეიროვირუსითაა დაავადებული, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მომღერალს მკურნალობა და გამოკვლევა ესაჭიროება.
წყარო: kvira.ge
მასალის გამოყენების პირობები






