53-ე სკოლასთან სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ამჯერად ინციდენტი იმ პედაგოგის გამოჩენას მოჰყვა, რომელიც გაკვეთილების ჩატარებას განაგრძობს.
შენობიდან გამოსულ მასწავლებელს პედაგოგები და მოსწავლეები შეძახილებით შეხვდნენ.
როგორც მასწავლებელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას მოსწავლეებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნულს უარყოფს სკოლის დირექტორის მოადგილე.
სკოლის ტერიტორიაზე ამ დრომდე არ გამოჩენილა ახლადდანიშნული დირექტორი, რომელიც დღეს დილით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შენობაში არ შეუშვეს.
ადგილზე შეკრებილთა მოთხოვნა უცვლელად რჩება - მასწავლებლები და მოსწავლეები ძველი დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ, თუმცა განათლების სამინისტროში გარკვეული ჯგუფების მიერ მართულ აქციაზე საუბრობენ და მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებენ.
სანიკიძის უწყების გადაწყვეტილებას აპროტესტებს სკოლიდან გათავისუფლებული ხელმძღვანელიც, რომელიც სასამართლოში ჩივის.
მასალის გამოყენების პირობები






