ლონდონში მოღვაწე ქართველი მოქანდაკის გელა დურუჯელის ნამუშევარი „მეფე-დედოფალი“ , რომელიც მან ბრინჯაოს, გრანიტისაგან და შუშისგან შექმნა რამდენიმე დღის წინ ინგლისელმა კოლექციონერმა 18 000 ევროდ შეისყიდა. კოლექციონერი ნამუშევრის მასალათა ჰარმონიულმა შერწყმამ გააოცა და ძალიან დააინტერესა. როგორც Nati Gallery-ის ქართველმა დამფუძნებელმა ნათია კელიმ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა კოლექციონერი ზოგადად ქართველი ხელოვანებით არის დაინტერესებული, ამჯერად კი ფორმის პლასტიკითა და მასალის ეკლეკტიკურობით მოიხიბლა. როგორც ნათიამ აღნიშნა ახლო მომავალში გალერეა რამდენიმე ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენას ერთდროულად აწყობს. ეს არის პირველი ქართული გალერეა ინგლისში და მთელს ევროპაში. ლონდოში საკმაოდ პოპულარული Nati Gallery უკვე ერთი წელია რაც ქართველ მხატვრების პოპულარიზაციაზე ზრუნავს.
ნათია კელი, გალერისტი: „ჩემი მთავარი მიზანია ქართველ მხატვარს მიეცეს საშუალება გავიდეს აუქციონზე. ძალიან მიყვარს ხელოვნება და სიამოვნებას მანიჭებს ის საქმე რასაც ვაკეთებ. ერთი მხრივ ძალიან კარგია ამ სფეროში ლონდონში მოღვაწეობა, მაგრამ რთულიც და საპასუხისმგებლოც, რადგან ძალიან დიდი კონკურენციაა. მაგრამ რაც ძალიან გინდა ნამდვილად წარმატებით გამოგივა და მეც ვიბრძვი ჩემი და ჩვენი ქართველი ხელოვანების წარმატებისთვის“.
მასალის გამოყენების პირობები