გორის რაიონის სოფელ ახალდაბის მოსახლეობა სოფელში გახშირებული ქურდობის შემთხვევებზე საუბრობს.
როგორც ადგილობრივები "ნიუპოსტთან" საუბრისას აცხადებენ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სოფლიდან ათამდე ცხენია დაკარგული. მათი ინფორმაციით ცხენის დაკარგვის ბოლო შემთხვევა სოფელში სამი კვირის წინ მოხდა. ახალდაბელები გახშირებულ ქურდობის ფაქტებს ხელისუფლების ცვლილებას უკავშირებენ.
"რაც სააკაშვილი გადადგა ჩვენს სოფელში ქურდობები იმის მერე დაიწყო. მე პირადად შარშან დავკარგე ცხენი, პოლიციასაც მივმართე, მაგრამ ამ დრომდე გამოძიება არ მომხდარა. ჩვენი პატრონი არავინ არ არის. გამომძიებელმა მითხრა, წადი წალკაში ნახეო. მე სად უნდა ვნახო? მე ვარ გამომძიებელი თუ ის?",- ამბობს ადგილობრივი მკვიდრი მარინე მურადაშვილი.
"ივანიშვილის ხელში სამი ცხენი მოგვპარეს, სააკაშვილის დროსაც ხდებოდა მსგავსი შემხთვევები, მაგრამ მაშინ ეშინოდათ მაინც და ესე ვერ ბედავდნენ. სამ კაცს მოჰპარეს, მაგრამ ამბობენ კიდევ ბევრნი არიან ისეთები ვინც ცხენი დაკარგაო. მოგვხედოს ვინმემ. ადრე მაღაზიები და სარიტუალო დარბაზი გატეხეს სოფელში, თუ პოლიცია ქურდს არ დაიჭერს, მაშინ ჩვენ დავიჭერთ და ლინჩის წესით გავასამართლებთ!" , - იმუქრებიან ახალდაბელები.
გიორგი ახალკაცი "ნიუპოსტი" გორი
მასალის გამოყენების პირობები






