განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის თქმით, 53-ე სკოლის პედაგოგების მოთხოვნა არაადეკვატურია. მისი განმარტებით, პედაგოგები არ არიან ჩახედული იმ დეტალებში, რაც შესყიდვებს, ფინანსებსა და ბუღალტერიას ეხება.
"მოთხოვნა იყო, რომ გაგვეუქმებინა დასკვნა, რომელიც გამყარებულია შესაბამისი ფინანსური თუ შესყიდვების დოკუმენტაციით და რომლის გაუქმების დისკრეცია მე არ ამქვს და არც ვაპირებ, ეს დასკვნა გავაუქმო. დასკვნის გაუქმების ერთადერთი საშუალებაა სასამართლო. მათ შეუძლიათ და რამდენადაც ვიცი, სურვილიც აქვთ, რომ ეს დასკვნა სასამართლოში გაასაჩივრონ", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
თამარ სანიკიძის ინფორმაციით, დასკვნა კვალიფიციურია და აქედან გამომდინარე ეს დასკვნა პროკურატურაში გადაიგზავნა.
"შენიშვნები, რაც გენინსპექციას ჰქონდა, სერიოზულია. ეს ეხება აუქციონის გამოცხადების წესების დარღვევას, საიჯარო ხელშეკრულების მართვის დარღვეულ პროცედურებს, ფინანსურ დარღვევებს და რამდენიმე გადაცდომას ადმინისტრაციული კუთხითაც. შესაბამისად, დასკვნა არის იმდენად კვალიფიციური, რომ მასში აღინიშნება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები. აქედან გამომდინარე, გადაიგზავნა პროკურატურაში", - განაცხადა განათლების მინისტრმა. მისივე განმარტებით, სკოლაში შიდა აუდიტი ერთ-ერთი მოქალაქის საჩივრის საფუძველზე შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები






