სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს სვეტიცხოველში ქადაგებისას ხარების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და წმინდა სახარებიდან ადგილი გაიხსენა, როდესაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი მაცხოვრის დედა გახდებოდა.
"ძველ დროში იყო ასეთი ებრაული მისალმება "გიხაროდენ", ეს სიტყვა გამოიყენა მთავარანგელოზმა გაბრიელმა და მიმართა ღვთიმსშობელს "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა". მთავარანგელოზმა ახარა ღვთისმშობელს, რომ მისგან იშვებოდა უფალი იესო ქრისტე", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიაქმა.
უწმინდესმა ყველას მიმართა, განსაკუთრებით ჟურნალისტებს, რომ იყვნენ კარგი ამბის მახარობლები და ნუ ასახავენ მხოლოდ და მხოლოდ ნეგატივს.
"დღეს მინდა შეგახსენოთ ყოველი მორწმუნე მოვალეა იყოს მახარობელი, სიხარულის მომტანი. ზოგს სიამოვნებს, რომ სხვას რაღაცა ცუდს ეუბნება. მე არაერთხელ მითქვამს ჩვენი ჟურნალისტებისთვის, რატომ წერენ ამდენ ცუდს, ამდენ ნეგატივს, ვიღაცამ ვიღაცა მოკლა და ა.შ. და ამაზე ასეთი პასუხი მივიღე, ხალხს ეს უფრო აინტერესებსო. ხალხს ეს არ აინტარესებს, ხალხი დაიღალა ამ ყოველივეთი. მინდა გთხოვოთ, როგორც ჩვენს სულიერ შვილებს, სიკეთეზე წერეთ, ბევრი რამ არის კარგი და ეს უნდა დავინახოთ ჩვენ. მივმართავ პრესას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ უნდა წეროთ ნეგატიურიც. მაგრამ ამასთან დადებითზეც უნდა წეროთ, სიხარული უნდა მოუტანოთ ხალხს. გეძლევათ, ლოცვა-კურთხევა ყველას, პირველ რიგში ჩემს თავს ვეუბნები, ყველა მახარობელი უნდა ვიყოთ და სიხარულით უნდა აივსოს ადამიანი", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






