შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის შალვა თათუხაშვილის გარდაცვალება უმძიმესი ფაქტია ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგან ახალგაზრდა კაცის სიკვდილი მოჰყვა მის ურთიერთობას საგამოძიებო ორგანოებთან.
აუცილებლად მიგვაჩნია ამ ფაქტის დროული და ობიექტური გამოძიება, რათა შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაჩენილ უამრავ ეჭვს, კითხვას და განსხვავებულ მოსაზრებებს პასუხი გაეცეს და საზოგადოებას მიეწოდოს უტყუარი ინფორმაცია ამ ტრაგედიის მიზეზებთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, ხელისუფლებას ძალიან ბევრი დაუგროვდა თემა, სადაც კითხვები მეტია, ვიდრე დამაჯერებელი პასუხები. ეს ეხება შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების ფაქტსაც, რომელშიც საეჭვო და დამაფიქრებელი ბევრი გარემოება იკვეთება.
ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ დაახლოებით ამდაგვარად იწყებოდა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც დანაშაულებრივი ხელისუფლების შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება და მოვუწოდებთ გაითვალისწინონ ქვეყნის უახლესი წარსულის გამოცდილება.
შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებები გააკეთეს და ობიექტური გამოძიების პირობა დადეს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა, მაგრამ ასეთი განცხადებები, რომლთაც პრაქტიკული ქმედებები არ მოჰყოლია ბევრი მოგვისმენია. ამ თვალსაზრისით კრიტიკას ვერ უძლებდა გენერალური პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადება. საზოგადოებას სჭირდება მიუმხრობელი გამოძიება, დროული რეაგირება და კონკრეტული პასუხები, დანაშაულის შემადგენლობის შემთხვევაში კი - სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება.
ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და მისი ევროპული მომავლისათვის კანონის უზენაესობას და კანონის წინაშე ყველას თანასწორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. არ შეიძლება ვინმეს სიცოცხლე შეეწიროს სამართალდამცავი ორგანოების უკანონო ქმედებებს და თავგასულობას და ეს დაუსჯელი დარჩეს. ასე ყალიბდება ხელისუფლების დანაშაულებრივი ხელწერა და აქედან გამომდინარე ასეთი ფაქტები საზოგადოების ყურადღების გარეშე ვერ დარჩება.
მოვითხოვთ ამ საქმის სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობისა და მონიტორინგის პირობებში.
მასალის გამოყენების პირობები






