გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან:
„ნურავინ მთხოვს იმის დაჯერებას, რასაც მასზე ამბობენ. ნურც იმას მთხოვენ, ობიექტური ვიყო. მე ცოლი ვარ და ეს კაცი მიყვარს. რომც არ მიყვარდეს, ზოგიერთი რამ მითია. კაცი წელიწადნახევარია წასულია და როგორ ვთქვა, რომ კარგად ვარ, მაგრამ მე ირაკლი კოდუას ცოლის გარდა, სხვა სტატუსიც მაქვს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.
პროკურორს ვეკითხები, ვიცი, თქვენ სხვა საჩივრებიც გაქვთ-მეთქი. კი, მაგრამ ეს ყველაზე გამყარებული საქმეაო... ირაკლისთვის ბრალის წარდგენით ბევრი ადამიანისთვის სამართლიანობა აღდგა. ვიცი, რომ მეორე მხარეს მდგომი ადამიანები კმაყოფილი არიან ამ ფაქტით და მესმის მათი. მეც კმაყოფილი ვიქნები, პოლიციის ის უფროსი რომ დაიჭირონ, რომელმაც ჩემი ძმა დააკავა. ეს ადამიანური მხარეა, მაგრამ მეორეა სამართლებრივი მხარე. არასდროს გამოვმხტარვარ და არ მითქვამს, ჩემი ძმა უკანონოდ არის დაკავებული და მარიხუანა არ ჰქონია-მეთქი. ძნელია ბრალდებულის ოჯახის წევრობა, მაგრამ უნდა გვეყოს იმის ძალა, რომ ეს ვაღიაროთ... ჩემი წილი ირაკლი კოდუა ძალიან რომანტიკული და გულჩვილია. როდესაც სოდ-ის უფროსი იყო, მისთვის ბევრჯერ მითქვამს, რომ ყველა და ყველაფერი იცვლება ამ ქვეყანაში, მაგრამ არის ერთი რამ, რასაც ვერაფერი ცვლის და დროსთან ერთად უფრო მყარდება - ეს არის სიმართლე. დრო ადამიანებს, თანამდებობებს ცვლის, მაგრამ სიმართლეს არა. ვიცი, რომ ეს დრო ჩემს სასარგებლოდ გავა და ბევრი რამ გაირკვევა", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
- თქვენი მეუღლე აპირებს საქართველოში დაბრუნებას?
- მითხრა, მოწმის სტატუსით რომ დავებარებინე, ჩამოვიდოდი, მაგრამ როდესაც ბრალდებულის სტატუსით იბარებენ, რომ ჩასვან... რომ ჩამოვიდეს, რა, სიმართლეს დაამტკიცებს? ჩამოვიდა, ჩაჯდა და რა? გალიიდან გაარკვიოს სიმართლე? გაცილებით მარტივი დასამტკიცებელია სიმართლე ევროპის იმ ქვეყნიდან, სადაც პოლიტიკურ სტატუსს იღებ. ირაკლი პოლიტიკური დევნილის სტატუსს იღებს და მალე ეს ყველასთვის ცნობილი გახდება. მისთვის იქიდან გაცილებით მარტივი იქნება, თუნდაც სტრასბურგში საქმის გასაჩივრება.
მასალის გამოყენების პირობები






