,,კვირის პალიტრამ“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ქართული წარმოშობის, საბჭოთა კინოსა და თეატრის რუს მსახიობთან, ოლეგ ბასილაშვილთან, რომლისთვისაც ყირიმის ოკუპაცია ისეთივე მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც რუსეთში მოღვაწე სხვა ხელოვანებისთვის.
ოლეგ ბასილაშვილი არ მალავს, რომ ის გაკვირვებული და გულნატკენი დარჩა ზურაბ წერეთლის, ცისკარიძის და დიანა ღურცკაიას პოზიციით, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსეთის მიერ განხორციელებულ ყირიმის ანექსიას.
,,ნიუპოსტი“ გთავაზობთ ოლეგ ბასილაშვილის ინტერვიუს ,,კვირის პალიტრასთან“
- არ ვიცოდი, ვინმეს, მით უფრო ქართველების გაოცებას თუ გამოვიწვევდი... ნეიტრალური პოზიციის დაჭერა არ შემეძლო, რადგან უკრაინისთვის ყირიმის წართმევა მიუღებელია ჩემთვის, ადამიანისთვის, რომლის ისტორიულ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები აქვს.
- იმ 80-ზე მეტ ხელოვანს შორის, რომლებიც ყირიმის ანექსიას მიესალმებიან, ქართველებიც არიან, - ზურაბ წერეთელი, ნიკოლოზ ცისკარიძე, დიანა ღურწკაია... ე.წ. ყირიმის რესპუბლიკის აღიარებასთან დაკავშირებით მათი მხარდაჭერა ხომ არ ნიშნავს ირიბად აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას?
- უდავოა, რომ რაც ახლა ხდება, ჯაჭვურ რეაქციაშია აფხაზეთთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, დნესტრისპირეთთან, ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან. რატომ გააკეთეს ეს, ეს თავად ბატონ წერეთელს, ცისკარიძეს, იმ ახალგაზრდა ქართველ გოგონას უნდა ჰკითხოთ. თუმცა, ვაღიარებ, რომ გაკვირვებული და გულნატკენი დავრჩი... ისე კი, ადამიანურად ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს - საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა და ამ ქვეყანას, როგორც რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას, უკვე წლებია, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აწუხებს. ამ პრობლემის სათავეში კი, ჩემი სამშობლო, რუსეთი დგას. ამიტომ, ორმაგად მძაფრად განვიცდი ამ ყველაფერს და ამ შეკითხვას მუდმივად უპასუხოდ ვტოვებ, რადგან სხვა გამოსავალი არ მაქვს... ისე კი, ბოლომდე გულწრფელი ვიქნები და ჩემს გულისნადებს გაგანდობთ - ჩემი ძალიან დიდი სურვილია, ისევ რუსეთს შეურთდეს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა...
- ეს როგორ?..
- ახლავე აგიხსნით... ჩემი სურვილია, რუსეთი კორუფციის ჭაობში ჩაფლული ქვეყანა კი არ იყოს, სადაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი და ეკონომიკა კლანური ბიზნესით იმართება, არამედ, განვითარებული სახელმწიფო; დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ცხოვრების ხარისხი მაღალი იქნება და ყაზახეთის, უზბეკეთის, დნესტრისპირეთის, ბალტიისპირეთის, საქართველოს, უკრაინისა და საერთოდ, დანარჩენი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები, თავად გამოიჩენდნენ იქ დაბრუნების ინიციატივას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მახინჯი საბჭოთა კავშირი. აი, მაშინ გვექნებოდა ჩვენ, რუსებს საფუძველი ჩვენი ქვეყნითა და ხელისუფლებით გვემაყა. ასეთ შემთხვევაში, ვინმეს რომ გაეპროტესტებინა რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის სურვილი, მაშინ მეც ჩვენი ხელისუფლების მხარდამჭერთა სიაში ვიქნებოდი, მაგრამ ახლა სათქმელი არაფერი მაქვს და მხარს ვუჭერ იმ ქვეყნების მოლაქეებს, რომლებიც განვითარებას ცდილობენ. ჩემს მიერ უკეთეს რუსეთთან დაკავშირებით ზემოთ ჩამოყალიბებული სურვილი კი კეთილ სურვილად რჩება, რომლის ახდენის საფუძველს გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი ვერ ვხედავ. რუსეთი ახლა ერთი ჩამყაყებული, რამდენიმე ადამიანის ამბიციას მორგებული სახელმწიფოა, რომლის ასეთი ფორმით არსებობას საზოგადოების ერთი ნაწილი შეეგუა. მეორე ნაწილი, ყველაფრის მიუხედავად, ღირსებას ინარჩუნებს...
ამ ყველაფრის ფონზე, მე მესმის საქართველოსი, მას განვითარება უნდა და არავის აქვს უფლება, ეს დაუშალოს... ის პატარა, მაგრამ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანაა და ბედნიერი ვიქნებოდი, როგორც კავკასიაში, ისე მთელ პოსტსსაბჭოთა სივრცეში ყველაზე განვითარებული ქვეყანა იყოს. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართველს და რუს ხალხს ბევრი რამ აკავშირებს და კვლავ ერთად უნდა იყონ. ცხადია, ერთ სახელმწიფოში ცხოვრებას არ ვგულისხმობ. ჩვენ, ორ ქვეყანას ძალიან მჭიდრო ისტორიული, კულტურული კავშირები გვაქვს. იცით, რუსი პოეტები თბილისში ჩამოდიოდნენ და არა – მინსკსა და კიევში, სლავური სახელმწიფოების დედაქალაქებში...
კიდევ ერთი ჩემი გულისნადები მინდა გაგიმხილოთ, - რაც დრო გადის და ასაკში შევდივარ, უფრო და უფრო ვგრძნობ, რომ საქართველო, თბილისი, თავისკენ მექაჩება... მოსკოვში დავიბადე, მაგრამ საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. თბილისში ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი პერიოდი გავატარე. ძალიან მიყვარს საქართველო. ქართული გენი ხომ ძლიერია და ალბათ, ჩემი ფესვები მეძახიან. ჩემი წინაპრების სამშობლოში დაბრუნება მინდა... მამაჩემი და ჩემი ძმა რუსეთისა და საქართველოს საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძოდნენ, თავიანთ მიწა-წყალს იცავდნენ. ჩემს ცხოვრებაში ამ ორი ხალხის ბედი სამუდამოდ გადაიჯაჭვა, მინდა, ასევე განაგრძონ ჩემმა შვილიშვილებმა, მომავალმა თაობებმა...
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)
მასალის გამოყენების პირობები






