არასამთავრობო ორგანიზაცია ”ყველა თაობა საქართველოსთვის’’ განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს მიმართავს და სისტემაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად სწრაფ რეაგირებას სთხოვს.
განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე დღეს ”ყველა თაობა საქართველოსთვის’’ ცენტრალურ ოფისში პედაგოგებთან და საგანმანათლებლო სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს სკოლამდელი და საშუალო განათლების სისტემაში არსებული ვითარება.
ორგანიზაცია ითხოვს, უახლოეს პერიოდში მოეწყოს შეხვედრა საშუალო და სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტების მონაწილეობით და დაისახოს პრობლემის აღმოფხვრისა და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების კონკრეტული გეგმა.
”დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა გასული 9 წლის განმავლობაში განათლების სფეროში შექმნილი სისტემური პრობლემები, როგორიც არის საჯარო სკოლების არსწორი ოპტიმიზაციის შედეგად, საკლასო ოთახებში, უმეტეს შემთხვევაში, მოსწავლეთა რაოდენობრივი ზრდა 35-40 ბავშვამდე, რაც სწავლების ხარისხზე, ცალსახად, უარყოფითად აისახება. 9 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა სკოლების სპორტული დარბაზებით უზრუნველყოფა და სწორი აღმზრდელობითი სტუქტურის დანრგვა. მასწავლებელთა საატესტაციო მასობრივმა გამოცდებმა ნათლად დაგვანახა, რომ მათ დიდ უმეტესობას არ გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია, რისი მიზეზიც გახდა ამ 9 წლის განმავლობაში პედაგოგთა საკვალიფიკაციო,გადასამზადებელი ინსტიტუციის მიზნობრივი მოშლა”, - განაცხადეს შეხვედრაზე.
მათივე შეფასებით, არსებულ მძიმე ვითარებაზე ნათლად მეტყველებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებიც,რომელთა თანახმადაც საქართველოს განათლების კუთხით ბოლო პოზიციები უკავია.
”სამწუხაროდ, განათლების სამინისტრო დღესაც ‘’წარმატებით’’ განაგრძობს” ბოლო 9 წლის განმავლობაში დანერგილ პოლიტიკას. სამწუხაროა, რომ აღნიშნულ სისტემურ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრო არაეფექტურია. მივმართავთ საქართველოს განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს, ზემოთ ხსენებულ პრობლემებთან დაკავშირებით მოახდინოს სწრაფი რეაგირება და უახლოეს პერიოდში მოეწყოს საზოგადოებრივი შეხვედრა საშუალო და სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტების მონაწილეობით და დაისახოს პრობლემის აღმოფხვრისა და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების კონკრეტული გეგმა”, - განაცხადეს შეხვედრის მონაწილეებმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”ყველა თაობა საქართველოსთვის’’ განათლების სისტემის მონიტორინგს განაგრძობს და შესაბამისი რეაგირების არქონის შემთხვევაში, მინისტრ თამარ სანიკიძის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.
მასალის გამოყენების პირობები






