თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი მერიას მოსახლეობისთვის აუცილებელი პროექტების განხორციელებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, 174 000 თბილისელი, მათგან 100 00, რომელიც “ხრუშჩოვკებში” ცხოვრობს, შესაძლოა, საცხოვრებლის გარეშე დარჩეს. შიხიაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის განვითარებისთვის ახალი კონცეფცია უნდა ჩამოყალიბდეს.
“ამორტიზირებული საცხოვრებელი კორპუსები მერიის მიერ ერთ-ერთი მიტოვებული საკითხია. 2014 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესში, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ შენობების გამაგრების პროცესი გრძელვადიან პერსპექტივაში უნაყოფოა, ახდენს პრობლემის მიჩქმალვას და არა მოგვარებას. სწორედ ამიტომ საკრებულოს ხელმძღვანელობა შესაბამისი კომისიებისა და თემატური პროფესიონალების, ურბანისტების, არქიტექტორების აქტიური ჩართულობით, სპეციალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, კონსულტაციებს ატარებს სხვადასხვა ქვეყნის დეველოპერული ბიზნესის წარმომადგენლებთან. გვესმის, რომ ეს არის რთული პროცესი, მაგრამ მისი დაწყება აუცილებელია. საკრებულომ უკვე გადადგა ნაბიჯები და იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის მერია დროულად ჩაერთვება პროცესში, რადგან მათი თანამონაწილეობის გარეშე, იგი ჩიხში შევა. ახალი კონცეფციის ფარგლებში უნდა შემუშავდეს განვითარების შესაბამის გეგმა და ამ გეგმით განისაზღვროს საპილოტე პროექტების განხორციელების ასპექტები”, - განაცხადა შიხიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






