საქართველოს საპატრიარქო როლანდ ახალაიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ნიუპოსტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ა.წ. 14 მარტს ბატონ როლანდ ახალაიას მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად გვინდა განვმარტოთ, რომ საერთოდ, ყველა ეპარქიას უნდა ჰქონდეს საეპისკოპოსო რეზიდენცია, ანუ ეპარქიის სამმართველო ცენტრალური ადგილი. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას კი ასეთი ცენტრი არ ჰქონდა (და დღემდე არ გააჩნია). ამიტომაც 2009 წელს ქ. ზუგდიდში კათოლიკოს-პატრიარქის სტუმრობის დროს, დაისვა ეს საკითხი და ბატონმა როლანდმა, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, გამოთქვა მზადყოფნა, ზუგდიდში საეპისკოპოსო რეზიდენციის, ანაკლიაში კი (როგორც დე-ფაქტო სასაზღვრო ზოლში), სახლის აშენების შესახებ. თუმცა ეს ნათქვამი არ განხორციელებულა და რაიმე რეალური ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
ცნობისთვის, დეპუტატმა როლანდ ახალაიამ საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს თხოვნით გუშინ მიმართა. ახალაია ილია მეორეს სთხოვს გააკეთოს განცხადება ზუგდიდში საპატრიარქოს რეზიდენციის აშენებასთან დაკავშირებით. "მინდა მივმართო პატრირქს, ვთხოვ, გააკეთოს განცხადება, ძალიან დიდი მოწიწებით და მორიდებით მე მინდა თხოვნით მივმართო, ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი და არის თუ არა სიმართლე ის რასაც მე ვამბობ“,- ამბობს როლანდ ახალაია. მისი განცხადებით, პიროვნება, რომელიც საგამოძიებოს უფროსია, იყო ფარცხალაძის განუყრელი მეგობარი და მან მოაწყო ეს პროვოკაცია. ახალაიას განცხადებით, თანხა, რომელიც საპატრაიარქოსთვის იყო განკუთვნილი, - „ისევ იქ დევს. იქ უნდა აშენებულიყო მეგრული ოდა, სადაც დაისვენებდა პატრიარქი. თუმცა, შემდეგ მიწის გამოყოფა ვერ მოხერხდა. ალბათ ამაზეა საუბარი. ზუსტად არ ვიცი", - აცხადებს ახალაია. მისივე თქმით, "2009 წელს ზუგდიდში ჩამობრძანდა პატრიარქი, იყო დაახლოებით 3 დღე, იქ უნეტარესმა მეუფე გერასიმესთან ერთად გადაწყვიტა, ზუგდიდში, აშენებულიყო საპატრიარქოს რეზიდენცია. ჩვენ ერთად გავედით ამ ტერიტორიაზე, რომელიც მათ სამშენებლო მიწის სახით გამოუყვეს და დავათვალიერეთ ეს ადგილი, როდესაც სენაკში უწმინდესთან ერთად მოვდიოდით, მანქანაში უწმინდესმა მითხრა ესეთ რამ, იქნებ თქვენც ჩაუდგეთ სათავეში ამ საპატრიარქოს რეზიდენციის მშენებლობას, ამის შემდეგ მეუფე გერასიმესთან მქონდა საუბარი და ჩავედით ანაკლიაში, მიწაც მოვინიშნეთ, იქაც გვინდოდა, პატარა ოდა სახლი გაშენებულიყო პატრიარქისთვის და საპატრიარქოსთვის", - აცხადებს როლანდ ახალაია.
მასალის გამოყენების პირობები






