სახელმწიფო აუდიტის საქმიანობა, როგორც წესი, დაკავშირებულია სხვადასხვა უწყებების მიერ ბიუჯეტის ხარჯვის კანონიერების ზედამხედველობასთან, რაც გულისხმობს სახელფასო ფონდის მართვის, შესყიდვების განხორციელების, და სხვა ტიპის ფინანსური ოპერაციების კონტროლს. ეს არის სახელმწიფოს აუცილებელი ინსტრუმენტი, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელთა მიერ გაღებული ფულის სწორი ხარჯვა.
მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო აუდიტი უფლებამოსილია შეამოწმოს საბიუჯეტო ორგანიზაციის საქმიანობა შემდეგი პარამეტრებით:
1. ფინანსური აუდიტი - ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგების შემოწმება
2. შესაბამისობის აუდიტი - უწყების ფინანსური ოპერაციების კანონიერების შემოწმება
3. ეფექტიანობის აუდიტი - ორგანიზაციის საქმიანობის, განხორციელებული პროექტების ეკონომიურობის, პროდუქტიულობის და ეფექტიანობის შემოწმებას
სახელმწიფო აუდიტის საქმიანობის სფეროში, კითხვები ჩნდება ეფექტიანობის აუდიტთან დაკავშირებით.
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის ვებ-გვერდის მიხედვით, ეფექტიანობის აუდიტის მთავარი მიზანია შეაფასოს რა შედეგი იქნა მიღწეული კონკრეტულ ორგანიზაციისათვის გამოყოფილი სახსრებით - მაგალითად, განათლების სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯზე ჩატარებული ღონისძებების შედეგად როგორ გაიზარდა მასწავლებელთა პროფესიონალიზმის დონე; ან სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამებით შემცირდა თუ არა დანაშაულის რაოდენობა ციხეებში.
ეფექტიანობის აუდიტი ასევე მოიცავს იმის შემოწმებასაც, თუ რამდენად სწორად იმოქმედა უწყებამ და მისმა თანამშრომლებმა, რომ მიეღწიათ დასახული მიზნებისათვის - იგივე მაგალითებით თუ ვიმსჯელებთ, სახელმწიფო აუდიტს უფლება აქვს დააყენოს მინისტრის ან შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი, მასწავლებელთა გადამზადების კონკრეტული მეთოდოლოგიის არასწორად გამოყენების; ციხეებში რესოციალიზაციის პროგრამების გამოყენებასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო აუდიტის ასეთ კომპეტენციასთან დაკავშირებით რეფორმატორთა კლუბს გააჩნია შენიშვნები:
- საქართველოს მთავრობაში 17 სამინისტროა და თითოეულის საქმიანობა ერთდროულად მოიცავს რამოდენიმე მიმართულებით საქმიანობას (დეპარტამენტები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები).
ძნელი წარმოსადგენია ერთ კონკრეტულ უწყებაში - სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ერთდროულად სხვადასხვა დარგის პროფესიონალების დასაქმება, რომლებიც ყველა სამინისტროსა თუ სსიპ-ში ჩაატარებენ ეფექტიანობის აუდიტს და შეადგენენ დასკვნას, თუ როგორ ასრულებს ესა თუ ის სამინისტრო დასახულ ამოცანებს - დანაშაულის შემცირება, ჯანდაცვის ხარისხი, ენერგომომარაგება, განათლების ხარისხი, მეცნიერების განვითარება და ა.შ
- სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ კანონის შესაბამისად, ყველა სამინისტროში შექმნილია შიდა აუდიტის დეპარტამენტი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მსგავსად უფლებამოსილია უწყების შიგნით ჩაატაროს ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტი და შედეგების შესაბამისად იმსჯელოს კონკრეტული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხზე
ადგილი აქვს ფუნქციების დუბლირებას - კანონმდებლობით ერთდროულად არსებობს უწყების ეფექტიანობის კონტროლის ორი იდენტური მექანიზმი სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და შიდა აუდიტის სახით და გაურკვეველია, რომლის შეფასებას უნდა ენდოს საზოგადოება და სახელმწიფო.
- ის საკითხები, რაც უნდა შეამოწმოს ეფექტიანობის აუდიტმა, განიხილება ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის განხილვის დროს. ყველა სამინისტროსა თუ უწყებას ბიუჯეტი გამოეყოფა იმის მიხედვით, თუ რა შედეგებზე იქნება ორიენტირებული მისი საქმიანობა და პროექტები. ბიუჯეტის პროექტი განიხილება ფინანსთა სამინისტროში, რომელსაც მთავრობა წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.
ამ ლოგიკით, სახელმწიფო აუდიტმა შესაძლებელია უარყოფითად შეაფასოს სამინისტროს საქმიანობა და შედეგები, რაც თავის დროზე მოწონებული იყო ფინანსთა სამინისტროს, მთავრობისა და პარლამენტის მიერ. ფუნქციების ასეთი განაწილება აშაკარად არათანმიმდევრულია და კონკრეტული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა ნებისმიერ დროს შესაძლებელია ისეთ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც მას კანონით ევალება, რაც თავის მხრივ იწვევს საფუძვლიან ეჭვს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ობიექტურობაში.
- როგოროც სახელმწიფო აუდიტის ვებ-გვერდიდან ირკვევა, მისთვის ეფექტიანობის აუდიტის ჩატარების უფლებოსილების მინიჭება შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს (INTOSAI - სახელმწიფო აუდიტორთა საერთაშორისო სტანდარტები).
მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არც ერთ შემთხვევაში INTOSAI არ ითვალისწინებს აუდიტის სისტემის დუბლირებულ მოდელს.
უფრო მეტიც, საერთაშორისო სტანდარტები აღიარებენ სამინისტროების შიდა აუდიტის სამსახურების აუცილებლობას - INTOSAI GOV 9140, http://www.intosai.org/issai-executive-summaries/view/article/intosai-gov-9140-internal-audit-independence-in-the-public-sector.html
ამავდროულად, სტანდარტები აწესებენ შიდა აუდიტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურების თანამშრომლობის პრინციპს, შემოწმების პროცესის მაღალკვალიფიციურობისა და ობიექტურობის უზრუნველყოფის მიზნით - INTOSAI GOV 9150 http://www.intosai.org/issai-executive-summaries/view/article/intosai-gov-9150-coordination-and-cooperation-between-sais-and-internal-auditors-in-the-public-s.html
რეფორმატორთა კლუბი წინადადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს გადახედოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეგულაციებს, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი“
მასალის გამოყენების პირობები






