საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იმ რეგიონებში, სადაც არსებობს შობადობის მნიშვნელოვანი კლება და არ არის ბუნებრივი მატება, ყოველი მესამე შვილის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს.
პრემიერის ხელმძღვანელობით, დემოგრაფიულ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია იქმნება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კომისიის შემადგენლობაში ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ასევე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და მოწვეული ექსპერტები შევლენ.
კომისიამ დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის სახელმწიფო პროგრამა უნდა შეიმუშაოს. ამასთან, იგი ითანამშორმლებს დემოგრაფიული განვითარების ფონდთან და ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ექსპერტთან.
ღარიბაშვილის ინიციატივით იმ რეგიონებში, სადაც შობადობის მნიშვნელოვანი კლებაა და არ არის ბუნებრივი მატება, ყოველი მესამე, 2 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელისახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. დახმარების ოდენობა მთიან რეგიონებში - 200 ლარის, ხოლო ბარში 150 ლარის ოდენობით განისაზღვრება. პირველ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება 6 რეგიონს შეეხება.
პრემიერის ეს ინიციატივა 1 ივნისიდან ამოქმედდება. დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების მიზნით, სახელმწიფო უკვე ახორციელებს არაერთ პროგრამას. მთავრობის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა უკვე უფასოა. იგეგემება სხვა კომპლექსური ღონისძიებები დემოგრაფიული პრობლემების გადასაწყვეტად.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






