ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი მთელი თბილისის მასშტაბით იგეგმება. როგორც თბილისის საკრებულოში აცხადებენ, საკრებულოსა და გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთ საინვესტიციო ჰოლდინგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
დოკუმენტი ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს.
მემორანდუმს საკრებულოს თავმვჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა და საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიცო ჰოლდინგის დამფუძნებელმა სალიმ უმაიდ საიფმა მოაწერეს ხელი. პროექტი დაწყებამდე ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს.
"მემორანდუმის საფუძველზე ორივე მხარე ვიღებთ მაქსიმალურ პასუხისმგებლობას, რომ ცენტრალური ხელისუფლების ფინანსთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი იქნეს ეს პროექტი და შესაბამისად, შემდგომში ხელი მოეწეროს იმ მუშა დოკუმენტს, სადაც იქნება პროექტის სრული აღწერილობა. ჩვენი სურვილია ეს მოქმედებები ზაფხულის შუა პერიოდისთვის უკვე კონკრეტულ ნაბიჯებში აისახოს",-განაცხადა შიხიაშვილმა.
სალიმ უმაიდ საიფის თქმით კი, პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში მისი განხორციელება ოთხ თვეში დაიწყება.
"ჩვენ ძველი შენობების დემონტაჟს ვაპირებთ. მალე დავასრულებთ შეთანხმებაზე მუშაობას. სამუშაოები კი დაახლოებით ოთხ თვეში დაიწყება. დარწმუნებული ვარ, ეს სასარგებლო საქმე იქნება თქვენთვის", - განაცხადა სალიმ უმაიდ საიფმა.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






