როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, დედაქალაქის მაცხოვრებელთა ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნული სიტუაციიდან გამოსვლა აუცილებელია.
„თუ დედაქალაქის ბიუჯეტი 11 მარტამდე არ დამტკიცდება, საკრებულოს შეუწყდება უფლებამოსილება და განხორციელდება პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა მანამ, სანამ არ აირჩევა საკრებულოს ახალი შემადგენლობა. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის დასასაბუთებლად დასახელებული არგუმენტები ქმნიან დასაბუთებულ ვარაუდს, რომ საბიუჯეტო პროცესის ჩიხში შეყვანა ხელოვნურად ხდება.
აღნიშნული კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლა არსებითად მნიშვნელოვანია პირველ რიგში, დედაქალაქის მცხოვრებთა ინტერესებიდან გამომდინარე, რათა არ მოხდეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო სერვისების მიწოდების შეფერხება. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე დედაქალაქში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაზე ცალსახად ნეგატიურად აისახება. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად და იმავდროულად თბილისელებისათვის ხარისხიანი და სათანადო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქალაქ თბილისის მერიას, თბილისის საკრებულოს უმრავლესობასა და უმცირესობას საბიუჯეტო საკითხზე კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, რათა არ მოხდეს დედაქალაქში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება. მათ უნდა გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კონსესუსის მიღწევასა და 2014 წლის 11 მარტამდე ქალაქ თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს სამი არასამთავრობო აწერს. ესენია: „საია“, „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ .
მასალის გამოყენების პირობები






