უმაღლეს საბჭოში მოწვეული იყვნენ ქართული საზოგადოებისათვის პატივსაცემი ქალბატონები - ციალა ჩხეტიანი, ინეზა გოგია, ლილი დგებუაძე, ეკატერინე ბერულავა, ნელი მირზაშვილი, რომელთა შვილებმაც სამშობლოს ერთიანობისათვის, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის ვაჟკაცურად გასწირეს სიცოცხლე.
მოწვეულთა შორის იყვნენ აგრეთვე, პროფესიონალიზმით, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, აქტიურობით გამორჩეული სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონები - პედაგოგები, ექიმები, ჟურნალისტები, ფინანსისტები, არასამთავრობო, ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა განსაკუთრებული მოკრძალება და პატივისცემა გამოხატეს იმ დედებისადმი, რომელთაც ჰყოფნით პიროვნული და მოქალაქეობრივი ღირსება იამაყონ სამშობლოსათვის თავგანწირული შვილებით.
”დედაშვილური სიყვარული მძლეთა მძლეა, მაგრამ, როგორც ჩანს, სამშობლოს სიყვარული უფრო მეტის შემძლეა. ამ განცდამ, ასეთმა სიამაყემ მისცა, ალბათ, ძალა აფხაზეთის ომში, კამანში სამი შვილის დამკარგავ დედას-ციალა ჩხეტიანს, ისევე როგორც ყველა სხვა შვილდაკარგულ ქალბატონს, საკუთარი ტკივილი დასძლიოს, თავისი შვილების თანატოლებისადმი სითბო და სიყვარული გამოხატოს და კვლავ ქვეყნის ბედზე, საკუთარ მიწაზე დაბრუნებაზე იფიქროს”, - აღნიშნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ.
მიღებაზე მოწვეულ ქალბატონები გია გვაზავამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.
მასალის გამოყენების პირობები






