„მომხმარებელი.გე“-ს ინფორმაციით ყველა პროდუქტის ერთდროულად შემოწმება ვერ მოხდება, რადგან ეს დიდი თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომ თვეში 2-3 პროუქტის შემოწმება მოხდება.
"მომხარებლები დაჟინებით გვთხოვენ სხვადახვა პროდუქტის შემოწმებას გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობაზე. 2014 წლის იანვარში ერთ-ერთმა ქართულმა ლაბორატორიამ აიღო აკრედიტაცია ამგვარი ანალიზის ჩატარებაზე. თუმცა, სამწუხაროდ, ანალიზი ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ ჩვენ თვეში 2-3 პროდუქტზე მეტს ამ მაჩვენებელზე ვერ შევამოწმებთ. ამ პირობებში, ჩვენი სტრატეგიაა მინიმალური გაზომვებით მომხმარებლებისთვის საჭირო მაქსიმალური ინფორმაცია მოვიპოვოთ. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა არა თავად საბოლოო სასურსათო პროდუქტები, როგორც ჩვეულებრივ, არამედ ის შუალედური პროდუქტი/მასალა, რომელსაც სურსათის წარმოებაში ფართოდ გამოიყენება და რომლის გმო-დაბინძურების ალბათობა მაღალია.
ასეთი პროდუქტია სოიო და მისგან დამზადებული მასალა: სოიოს ფქვილი, აგრეთვე მისი ცილოვანი პროდუქტები: ე.წ. სოიოს ტექსტურატი, სოიოს კონცენტრატი და სოიოს იზოლატი. ცნობილია, რომ 2010 წლის მდგომარეობით მსოფლიოში წარმოებული სოიოს 3/4 გენმოდიფიცირებული იყო. შესაბამისად, სოიოსგან დამზადებულ პროდუქტებში გმო-ს აღმოჩენის ალბათობა მაღალია. ამავე დროს, სოიოს ცილოვანი პროდუქტები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სურსათის წარმოებაში, მათ შორის ხორცპროდუქტებში და ნახევარფაბრიკატებში, კეტჩუპებში, მაიონეზში, მშრალ სუპებში , აგრეთვე სამარხვო პროდუქტებში და ნახევარფაბრიკატებში. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პირველი გმო-ანალიზები სწორედ სოიოს ცილოვანი პროდუქტებისთვის ჩაგვეტარებინა.
2014 წლის 19 თებერვალს საბითუმო მაღაზიაში შევიძნეთ სხვადასხვა ქვეყნის წარმოებული სოიოს ტექსტურატის, სოიოს იზოლატის და სოიოს კონცენტრატის სრული შეფუთვა. (სოიოს იზოლატს, ჩინეთიდან, შეფუთვაზე მითითებული აქვს, რომ გმო-ს არ შეიცავს) სტერილურ პოლიეთილენის პარკებში მოვათავსეთ პროდუქტის ნიმუშები, მივანიჭეთ მათ პირობითი ნომრები და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში გმო-ს შემცველობის დასადგენად. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით სამივე პროდუქტში (სოიოს ტექსტურატი; სოიოს იზოლატი და სოიოს კონცენტრატი) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები აღმოჩნდა. გაიგზავნა შეტყობინება მაღაზიისთვის და სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის.
მომხმარებლებს განვუმარტავთ, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ჯანმრთელობისთვის საშიშროება მეცნიერულად დადასტურებული არ არის. თუმცა, თუ შესაძლებლობა გაქვთ, ჩვენ გირჩევთ მათ მოხმარებას მოერიდოთ. ამისთვის კი აუცილებელია ყოველთვის გულდასმით გაეცნოთ პროდუქტის ეტიკეტს. შეუფუთავი პროდუქტის შეძენამდე კი აუცილებლად დაინტერესდეთ - შეიცავს თუ არა იგი სოიოს ცილას და გენმოდიფიცირებულია თუ არა იგი.
ზემოთ აღწერილი პროდუქტების/მასალების გამომყენებელი მეწარმეების საყურადღებოდ: საქართველოს კანონმდებლობით, თქვენ ვალდებული ხართ პროდუქტის ეტიკეტზე, შემადგენლობაში მიუთითოთ პროდუქტში სოიოს არსებობა და აგრეთვე მიუთითოთ, თუკი ეს ინგრედიენტი გენმოდიფიცირებულია! გრძელდება სხვა პროდუქტების შემოწმება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობაზე. შეძლებისდაგვარად აგრეთვე განხორციელდება პროდუქტში გმო-ს რაოდენობის დადგენა. შედეგები ამ საიტზე გამოქვეყნდება,’’- აღნიშნულია საიტზე ,, მომხმარებელი.გე’
მასალის გამოყენების პირობები






