როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გეგმური მომსახურების მისაღებად მოქალაქეებს თვეების განმავლობაში უწევთ ლოდინი სიცრუეა. "ვრცელდება ინფორმაცია, რომ არის ხანგრძლივი დაცდის პერიოდები. შესაბამისად, თითქოს საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტურობა დაბალია. თვეების განმავლობაში გვიწევს რიგში ლოდინი. მე ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ. დაცდის პერიოდი თვეს არ აღემატება და საშუალოდ ორ კვირას შეადგენს. სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, რომ როდესაც პაციენტი მიდის ექიმთან, საგარანტიო წერილით საყოველთაო ჯანდაცვიდან ეუბნებიან, რომ ნუ ისარგებლებენ ამით, რადგან მრავალი თვე დაგჭირდება და ჯობია პირდაპირ თანხა გადაიხადო. ეს არის არა მარტო პროექტის დისკრედიტაცია, არამედ პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა. ამ შემთხვევებს ჩვენ ვსწავლობთ. ეს მიუღებელია და თუ სადმე დადასტურდა, კანონის შესაბამისი რეაგირება მიეცემა", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.
ამასთან დაკავშირებით სერგეენკო გეგმავს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას და მათთვის კონკრეტული სამოქმედო გეგმის გაცნობას.
მასალის გამოყენების პირობები






