ეს მათ მიერ წმინდანთა ფოტოებზე გაკეთებული კომენტარებიდანაც ჩანს.
„ოქროს თევზია თუ ადამიანის საფლავი, ვეღარ გაიგებ“, „ამ ქვეყანაში წმინდანსაც კი "რაცხას გაუჩალიჩებენ"...“, „ისე რას დაატარებენ ამ პატრიარქს და იაკობს ევროპაში, პირდაპირ წამოაწვინონ გაბრიელის საფლავზე. ან ხადურმა იკოტრიალოს და ბიუჯეტი შეავედროს,“ - ეს არასრული ჩამონათვალია იმ კომენტარებისა, რომლითაც საზოგადოება ბოლო ორი კვირის განმავლობაში მამა გაბრიელის საფლავის გახსნას ეხმაურებოდა.
რა თქმა უნდა, ეს საზოგადოების უმცირესობას წარმოადგენს და ნაკლებად სავარაუდოა მათმა აზრმა ვინმეზე ზემოქმედება მოახდინოს.
მამა გაბრიელის საფლავის გახსნამდე, ბეთანიაში ორი წმინდა მამის საფლავი გაიხსნა. მობილურებით, ვიდეო კამერებით და სხვადასხვა ტექნიკით აღჭურვილი საზოგადოება ცდილობდა მიახლოებოდა წმინდანთა ნეშთს, რომ „ექსკლუზიური“ ფოტო გადეღო და შემდეგ სოციალურ ქსელში აეტვირთა. გაიხსნა საფლავები და გავრცელდა წმინდა მამების წმინდა ნაწილების ფოტოები. ამას მოჰყვა სხვადასხვა შეფასებები. უნდა მომხდარიყო თუ არა წმინდა მამების წმინდა ნაწილების გასაჯაროვება.
"ნიუპოსტი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საპატრიარქოს პოზიციით დაინტერესდა. როგორც "ნიუპოსტთან" საუბრისას პატრიარქის მდივანი აცხადებს, წმინდა ნაწლების გასაჯაროება მიღებულია და იმ ადამიანებს ვისაც ეს ფოტოები აღიზიანებს, შეუძლიათ არ შეხედონ მათ.
„ვისაც ეს ფოტოები აღიზიანებს, იმას რელიგიასთან საერთო არაფერი არ აქვს. თავს ნუ შეირცხვენენ მაინც და ნურაფერს ნუ დაწერენ. თუ არ უნდათ ნუ შეხედავენ ამ ფოტოებს. მე არ ვდებ ასეთ ფოტოებს, მაგრამ თუ ვიღაცამ დადო, ამან რატომ უნდა გამოიწვიოს ვინმეს გაღიზიანება? თუ ამ ადამიანებს არ აქვთ რელიგიური განცდები და გრძნობები, საერთოდ ნუ ნახავენ ამ ფოტოებს,“ - აცხადენს საპატრიარქოს მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






