ოსი ეროვნების ჯიოევების ოჯახი, რომლის წევრებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან, გორში ნადირაძის ქუჩაზე 1991 წელს ქვეყანაში მიმდინარე არეულობის დროს მიტოვებულ ბინის დაბრუნებას სასამართლოს გზით ითხოვს.
დღეს, გორის რაიონულ საასამართლოში, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, რიგით მეორე მოსამზადებელი პროცესი გაიმართა, სადაც მოსამართლემ მხარეებისაგან შესაბამისი დოკუმენტაცია მოითხოვა და საქმეში მესამე მხარის ჩართვის განკარგულება გასცა.
ამ დროისთვის სადავო ბინაში ქენქაძეების ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც საკუთრების დათმობას არ აპირებენ. პროცესში ჩართულია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაც, მომავალი სხდომა 13 მარტს ჩაინიშნა. სავარაუდოდ. აღნიშნულ პროცესს ყველა მხარე დაესწრება, მათ შორის ჯიოევებიც, რომლებიც ამჟამად რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ.
"სასამართლო პროცესი ბინის ორდერის გაუქმებას შეეხება, იგი 1991 წელსაა გაცემული. გორში, ნადირაძის ქუჩაზე მდებარე სახლის მესაკუთრე მანამდე სხვა იყო, გვარად ჯიოევი, თუმცა, სახლს ახლა ახალი მესაკუთრე ჰყავს ქენქაძე, ეს სადავო მომენტია, რომელიც ჯიოევის მხარის წარმომადგენელმა გაასაჩივრა. მიდის მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელსაც საფუძვლად უდევს მაშინდელი სასამართლოს გადაწყვეტილებები," - აცხადებს "ნიუპოსტთან" საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი, რევაზ გოგიაშვილი.
გიორგი ახალკაცი
"ნიუპოსტი" გორი
მასალის გამოყენების პირობები






