ისტორიულ წყაროებში დაცულია გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების დამოკიდებულება 1921 წლის თებერვლის დღეებისადმი. ამ წყაროებში არის ივანე ჯავახიშვილის ემოციური სიტყვაც, რომლითაც მან უნივერსიტეტის სტუდენტებს და მოქალაქეებს მიმართა.
"1921 წლის 23 თებერვალი, შუადღის 3 საათისთვის სტუდენტობა თავს იყრის უნივერსიტეტის პირველ აუდიტორიაში, შენობა ვეღარ იტევს ხალხს, მიტინგი გადაიტანეს უნივერსიტეტის ეზოში. აქ ქართული მოსწავლე-ახალგაზდობის სულიერი მამა და მათი უსაყვარლესი ადამიანი ივანე ჯავახიშვილი მათ მიმართავს:
"შვილებო! ჩემო მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ, მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ!"

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.
რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.
მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააგმდეგობა გაუწიეს. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.
23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა.
1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ.
კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში. იქ, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. აღნიშნული ტაძარი კი (აგებული 1897 წ.) 1930 წელს კომუნისტური იდეოლოგიისა და რეჟიმის შედეგად დაანგრიეს.
მასალის გამოყენების პირობები






