საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი მელაშვილი და ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დირექტორი გიორგი ტოკლიკიშვილი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრნენ კვიპროსში, სადაც ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის სხდომას დაესწრებიან.
სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განხილული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისობა ევროპულ ქარტიასთან. კერძოდ, საქართველოს საკითხზე მსჯელობისას საუბარი იქნება ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობის ევოლუციაზე. სხდომაზე სიტყვით გამოვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, რომელიც საქართველოში დაგეგმილ თვითმმართველობის რეფორმასა და თვითმმართველობის ახალი კოდექსით განსაზღვრულ სიახლეებზე ისაუბრებს.
დელეგაცია, აგრეთვე, შეხვედრებს გამართავს ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალურ მდივანთან, ანდრეას კიფერთან და მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლარს ო. მოლინისთან.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის პირველი მოადგილე ორმხრივ შეხვედრას გამართავს, ასევე, კვიპროსის ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ტასოს მიცოპულოსთან.
მასალის გამოყენების პირობები






