საერთაშორისო უფლედამცველი ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრის გარეშე“-ს მიერ შედგენილი პრესის თავისუფლების ინდექსით, გასულ წელს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე დიდ პროგრესს საქართველომ მიაღწია. ის 17 პუნქტით დაწინაურდა და 84-ე ადგილი დაიკავა. ინდექსის ავტორები აღნიშნავენ ქვეყანაში დაძაბულობის განელებას და საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩავლას. ხოლო ყველაზე წარმატებული პოზიცია ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში პრესის თავისუფლების მხრივ, ბალტიის ქვეყნების შემდეგ, კვლავ მოლდოვას (56-ე ადგილი) და სომხეთს (78-ე) უჭირავთ.
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, „რუსეთი კიდევ უფრო ქვევით დაიწევდა, რომ არა სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოხატული დაჟინება და წინააღმდეგობის ძალა“. რუსეთი 180-დან ისევ 148-ე ადგილზე დარჩა.

პრესის თავისუფლების ინდექსის ბოლო ვერსიის თანახმად, რუსეთი მალაიზიის, ფილიპინებისა და კონგოს გარემოცვაშია.
2013 წელს მსოფლიოში სიტყვის თავისუფლების მხრივ სიტუაციის ანალიზის მიხედვით, ინდექსი-2014-ის ლიდერთა სამეული ფინეთი, ჰოლანდია და ნორვეგიაა. პრესის თავისუფლების შარშანდელ ინდექსში პირველი სამი ადგილი ამავე ქვეყნებმა დაიკავეს. ხოლო ფინეთი „რეპორტიორები საზღვრის გარეშეს“-ს რეიტინგს ზედიზედ მეთხე წელია სათავეში უდგას.
სიტყვის თავისუფლების ყველაზე უხეშად დამრღვევების სამეული, შარშანს მერე ასევე არ შეცვლილა - ესენია: თურქმენეთი, ჩრდილოეთ კორეა და ერითრია, „სამი ქვეყანა, სადაც თავისუფალი ინფორმაცია უბრალოდ არ არსებობს“. მათ მოჰყვება სირია.
მასალის გამოყენების პირობები






