თბილისის საკრებულოს თავჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი მოითხოვს, რომ მერიამ ბიუჯეტის პროექტი დღეს თუნდაც გვიან მიაწოდოს.
შიხიაშვილის თქმით, თუკი დოკუმენტი თბილისის საკრებულოს დღესვე არ მიეწოდება, თბილისის ბიუჯეტის მიღება ხვალინდელ სხდომაზე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
"თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი და მერის მოადგილე დღეს, დღის პირველ ნახევარში აცხადებდნენ, რომ ჩვენს მიერ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მერიისთვის გადაგზავნილი შენიშვნების გათვალისწინება შეუძლებელი იქნებოდა. საღამოს კი ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ ჩვენს ყველა შენიშვნას ბიუჯეტის პროექტში ასახავენ. მათი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გვიჩენს საფუძვლიან ეჭვს. ამიტომაც მოვითხოვ, რომ დღეს თუნდაც გვიან ღამით მერიამ მოგვაწოდოს ბიუჯეტის საბოლოო პროექტი, რათა ჩვენს მიერ დოკუმენტი საფუძვლიანად იქნეს შესწავლილი. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ალბათობით ხვალ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე ბიუჯეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული და საკრებულოს უმრავლესობა ამ სახით არსებულ ბიუჯეტზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






