საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი პროექტის ,,ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევის’’ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი, ქართველი და უცხოელი მსოფლიოში ცნობილი მკვლევარები და მეცნიერები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
,,ღვინის კულტურა ქართველი კაცისთვის, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, ქართველობის იდენტობის ტოლფასია. ქართველი ხალხის ისტორიული ფესვები ვაზის ფესვებთანაა გადახლართული და ქართული მეღვინეობის ისტორიაც ქართველი ხალხის მთელ ისტორიასთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მისი განცხადებით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სხვადასხვა სამუშაოების ჩატარება იგეგმება.
,,ჩვენ გვაქვს საშუალება ახლებურად წარმოვაჩინოთ და საკადრისი ადგილი დავუმკვიდროთ ქართულ ღვინოს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების გვერდით, და მჯერა, იგი მსოფლიოში ყველაზე აღიარებულ ღვინოებსაც კი გაუწევს კონკურენციას და დაიკავებს ერთ-ერთ საპატიო ადგილს მსოფლიო ღვინის ბაზარზე. ჩვენი ღვინო ჩვენი ქვეყნის საიმიჯო პროდუქტი გახდება და თითოეული ქართველი იამაყებს ამით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ორი ახალი ინიციატივით - თბილისში შექმნას ღვინის მუზეუმი, სადაც თავმოყრილი იქნება ქართული ღვინის მთელი ისტორია და დაწესდეს ქართული ღვინის საერთაშორისო დღე, რომელიც ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს აღინიშნება. ირაკლი ღარიბაშვილმა თხოვნით მიმართა ღვინის ეროვნულ სააგენტოს, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მუშაობა მუზეუმის პროექტზე.
ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან თავისი მუშაობის ერთ-ერთ მიმართულებად გეგმავს მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის ხელი შეუწყოს საქართველოს ვაზისა და ღვინის ისტორიის კვლევას და წარმოჩენას. მეღვინეობა ის დარგია, სადაც სიძველესა და ტრადიციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამ მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა ,,ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევის პროექტი“, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის განვითარებას, ვაზის წარმოშობის და ღვინის ისტორიის კვლევების წახალისებას და მიღებული შედეგების ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით გამოყენებას.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ვაზის და ღვინის ისტორიის პოპულარიზაციის კუთხით დაგეგმილია სხვადასხვა სახის კვლევების ხელშეწყობა. განხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქების ვაზის ნაშთების ანალიზი, არქეოლოგიური მასალის ბიოქიმიური ტესტირება (ე.წ. „ბიომოლეკულური არქეოლოგია“) ღვინის მჟავის აღმოჩენის მიზნით, როგორც დადასტურება საქართველოში მეღვინეობის პრაქტიკის არსებობის შესახებ. ასევე განხორციელდება ქვეყნის ნიადაგურ-კლიმატური და გენეტიკური რესურსების (კულტურული და ველური ვაზი) შესწავლა-დახასიათება. ასევე მოხდება სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით კვლევების ჩატარება.
ღვინის ეროვნული სააგენტო აღნიშნული კვლევების ჩატარების პროცესში ითანამშრომლებს როგორც საქართველოს სამეცნიერო ინსტიტუტებსა და ქართველ მკვლევარებთან, ასევე ცნობილ უცხოურ ინსტიტუტებთან და მეცნიერებთან, ვისაც აქვს მსოფლიო აღიარება შესაბამის სფეროში.
პროგრამის პრეზენტაციაზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას პროგრამის სტრუქტურა გააცნო და სამეცნიერო ჯგუფის წევრები წარუდგინა.
პროგრამაში ჩაერთვებიან მსოფლიოში ცნობილი მკვლევარები და მეცნიერები:
1. ოსვალდო ფაილა - პროფესორი, მილანის უნივერსიტეტი
2. ლორან ბოუბი - მეცნიერი, ბიო-არქეოლოგიისა და ეკოლოგიის ცენტრი, ბოტანიკის ინსტიტუტი, მონპელიე
3. პატრიკ მაკგოვერნი - პროფესორი, პელსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანტრიპოლოგიის მუზეუმი ბიო-მოლეკულური არქეოლოგიის ცენტრი
4. რობერტო ბაჩილიერი - მეცნიერი, აგრონომიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტი, მონპელიე
5. პატრის ტისი - დირექტრის მოადგილე, აგრონომიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტი
სამეცნიერო პროგრამას გეგმავს და ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო ხელმძღვანელი, კოორდინატორი და ჯგუფის ხელმძღვანელები. მათ კონსულტაციებს უწევს მრჩეველთა საბჭო, რომელშიც გაერთიანებული არიან მსოფლიოს აღიარებული მეცნიერები და სამეცნიერო პოლიტიკის შემქმნელები.
პროგრამის შესრულების ადმინისტრირებას და კონტროლს განახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი.
საქართველოში მევენახეობა და მეღვინეობა უძველესი, ტრადიციული დარგებია. ამის დასტურია ქვემო ქართლში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნეოლითური პერიოდის (6-4 ათასწლეული ჩვ. წ. აღ-მდე) კულტურული ვაზის წიპწები, დერგი ყურძნის რელიეფური გამოსახულებით, სასოფლო-სამეურნეო იარაღები და სხვადასხვა ნივთები.
80 საუკუნის განმავლობაში მევენახეობისა და მეღვინობის დარგები განვითარდა, განხორციელდა ველური ვაზის გაკულტურება. დამკვიდრდა ვაზის სხვადასხვა ჯიში, შეიქმნა ვაზის მრავალფეროვანი სახეობები. დაიხვეწა საღვინე ჭურჭელი და მოხდა ქვევრის კულტურის დამკვიდრება. შემუშავდა ღვინის დაყენების კახური და იმერული ტექნოლოგიები. სწორედ ამან განაპირობა, რომ მე-19 საუკუნიდან მოყოლებული სხვადასხვა სფეროს ავტორიტეტული მეცნიერების მიერ, საქართველო მიჩნეულია კულტურული ვაზის დომესტიკაციის კერად.
მასალის გამოყენების პირობები






