სტალინის ძეგლი, მას შემდეგ, რაც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გორის ცენტრალური მოედნიდან ღამის საათებში აიღეს, კარალეთში ძველ მიტოვებულ შენობაში ინახება.
ბრინჯაოს ქანდაკება უკვე მეოთხე წელია მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას ელის. როდესაც საკრებულომ ძეგლის დემონტაჟის განკარგულება გასცა, გადწყდა, რომ მონუმენტი მისივე სახელობის სახლმუზეუმის ტერიტორიაზე აღიმართებოდა. თუმცა, ამ დრომდე სტალინი მშობლიური ქალაქიდან მოშორებით იმყოფება.
"ძეგლის აღმართვა მიზანმიმართულად ჭიანურდება. სამართლიანობა ოდესღაც აუცილებლად აღდგება. კარგი გამონათქვამი გვაქვს ქართველებს - სანთელ-სარკმეველი თავის გზას არ დაკარგავს. მოვა დრო და იოსებ სტალინს ერთ კი არა, ყველა ქალაქში აღუმართავს ძეგლს მადლიერი ქართველი ხალხი," - ამბობს "სტალინის იდეურ მემკვიდრეთა საზოგადოების" წევრი ალეკო ლურსმანაშვილი
მისევე განმარტებით, ძეგლის მუზეუმის ტერიტორიაზე აღმართვისთვის ყველაფერი მზად არის - "სტალინის ძეგლის დადგმა არ დადგმის საკითხში უხეშად ჩაერივნენ დასავლეთ ევროპის საელჩოების ზოგიერთი წარმომადგენლები, რომლებმაც უხეშად გათელეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, არად აგდეს ადგილობრივი თვითმმართველობის, საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების შესრულების აუცილებლობა და ძალიან შეურაცხმყოფელი ტონით მოითხოვეს რომ ძეგლი არ უნდა დამდგარიყო" - აცხადებს ალეკო ლურსმანაშვილი "ნიუპოსტთან" საუბრისას.
იგი იმასაც ამბობს, რომ მის თანამოაზრებთან ერთად ბრძოლას იქამდე არ შეწყვეტს სანამ ძეგლი ქალაქს არ დაუბრუნდება.
"არანაირი სტალინის ძეგლის აღმართვა არ მოხდება გორში. ეს ტყუილია," - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის სექტემბერში ლიტვის ტელეწვიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სწორედ აღნიშნული სიტყვები გახდა გორის ადგილობრივი ხელისუფლების ყოყმანის მიზეზი. საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აცხადებს, რომ მონუმენტი აუცილებლად დაიდგმება, თუმცა შესათანხმებელია, თუ რა ფორმით და სად მოხდება ძეგლის აღმართვა.
"ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა მუზეუმის ტერიტორიაზე განთავსება, როგორც კულტურის ძეგლის. საქველმოქმედო ფონდმა გადაწყვიტა მისი აღმართვა, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ცენტრიდან და ბატონი პრემიერისგან წამოვიდა მესიჯი, რომ ძეგლი არ განთავსდება მაგ ადგილზე, ჩვენ ვუცდით, როდის იქნება მითითება და რაღაც გარკვეულ ადგილზე დაიდგმება მაშინ," - აცხადებს დავით რაზმაძე.
იგი იმასაც ამბობს, რომ ძეგლის აღმართვასთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოებას საკუთარი პოზიციები აქვს, რის გათვალისწინებასაც ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს. თუმცა, მისი აზრით, არ უნდა მოხდეს იმ ადამიანების იგნორირება, რომლებიც ძეგლის დადგმას მოითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით "სტალინის იდეურ მემკვიდრეთა საზოგადოება" უახლოეს დღეებში თბილისში კულტურის სამინისტროს პიკეტირებას გეგმავს. ისინი ძეგლის დაუყოვნებლივ აღმართვას მოითხოვენ.
გიორგი ახალკაცი
"ნიუპოსტის" ექსკლუზიური რეპორტაჟი გორიდან
მასალის გამოყენების პირობები






